აშშ-ში TikTok-ი გაითიშა, თუმცა რამდენიმე საათში ისევ დაბრუნდა – რა მოხდა?

10 hours ago 3

შეერთებულ შტატებში სოციალური პლატფორმა TikTok-ი მისი აკრძალვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე გაითიშა.  აპლიკაციის აკრძალვა ოფიციალურად აშშ-ის დროით ღამის 12 საათზე შევიდა ძალაში. 

გათიშვის შემდეგ აპლიკაციაში გამოქვეყნებული იყო შეტყობინება აშშ-ის მომხმარებლებისთვის, რომ ამოქმედდა კანონი, რომელიც TikTok-ს კრძალავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ამ დროისთვის მის გამოყენებას ვერ შეძლებენ.

„ბოდიში, TikTok ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი. აშშ-ში ამოქმედდა კანონი, რომელიც კრძალავს TikTok-ს. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ვერ გამოიყენებთ TikTok-ს. ჩვენ გაგვიმართლა, პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩვენთან ერთად იმუშავებს TikTok-ის აღდგენის გადაწყვეტილებაზე, როგორც კი  თანამდებობას დაიკავებს. გთხოვთ დარჩეთ ხაზზე“.

TikTok-ს შეერთებულ შტატებში მილიონობით მომხმარებელი ჰყავს და ძალიან გავლენიან სოციალურ ქსელად მიიჩნევა. ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხად და ვაშინგტონის შეშფოთების მიზეზადაც კი იქცა, რადგან აშშ-ის ხელისუფლება შიშობს, რომ ჩინურ კომპანია ByteDance-ს ამერიკულ მონაცემებზე აქვს წვდომა და მას ჩინეთის მთავრობას უზიარებს.

ამ მიზეზით 2024 წლის აპრილში აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ByteDance-ს ავალდებულებს, პლატფორმა ამერიკულ კომპანიას მიჰყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2025 წლის 19 იანვრიდან აშშ-ში სოციალური ქსელი აიკრძალება. TikTok-ის განცხადებით კი, ამ მოთხოვნის შესრულება „უბრალოდ,  შეუძლებელია: კომერციულად, ტექნოლოგიურად და ლეგალურად“.

ტრამპმა დეკემბერში ვიდეოში, რომელიც TikTok-ის საკუთარ ანგარიშზე განათავსა, პირობა დადო, რომ TikTok-ს გადაარჩენს. მას ამ პლატფორმაზე 14 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

„ჩემს გულში TikTok-ს განსაკუთრებული ადგილი უკავია“, – განაცხადა ტრამპმა აღნიშნულ ვიდეოში.

TikTok-ის აკრძალვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე 3 საათით ადრე ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ინაუგურაციის შემდეგ ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რათა აშშ-ში TikTok-ის აკრძალვაზე კანონის აღსრულება დროებით გადაიდოს.

ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში აშშ-ის მომხმარებლებისთვის „ტიკ-ტოკის“ აპლიკაცია და ვებგვერდი ისევ ხელმისაწვდომი გახდა.

„სიენენის“ ცნობით, თითქმის 12 საათის შემდეგ, რაც „ტიკ-ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა, აპლიკაცია 170  მილიონი მომხმარებელისთვის ისევ ხელმისაწვდომი ხდება. ამერიკელ მომხმარებლებს აპლიკაციაში ხვდებათ შეტყობინება, რომ ის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევის შედეგად დაბრუნდა.

„კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. მადლობა მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევით, ტიკ-ტოკი ამერიკაში დაბრუნდა“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

კომპანიაში მადლობას უხდიან ტრამპს და აცხადებენ, რომ ითანამშრომლებენ მასთან ისეთი გადაწყვეტილების მოსაძებნად, რომ ამერიკაში ტიკ-ტოკის შენარჩუნება შესაძლებლი გახდეს.

როგორც აღვნიშნეთ, კანონი აპლიკაციის მფლობელ ჩინურ კომპანიას ავალდებულებს, ტიკ-ტოკი ან გაყიდოს, ან 19 იანვრიდან აპლიკაციის აშშ-ში აკრძალვას დაექვემდებაროს.

ByteDance-ი აცხადებს, რომ TikTok-ი არ იყიდება, რაც შეერთებულ შტატებში მისი აკრძალვის თავიდან აცილებას ართულებს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მოძებნიან ახალი პრეზიდენტი და ჩინური კომპანია ამ პრობლემის გადასაწყვეტად.

ნანა ძნელაძე

სრულად წაკითხვა