ა ლიგის წარმომადგენლის გამარჯვება სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონთან | თასის გათამაშება დაიწყო

6 hours ago 4

საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო. მერვედფინალური წყვილებიდან სამში გაიმართა სერიის პირველი მატჩები და გვარიანად მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. “ა” ლიგის წარმომადგენელმა – “რუსთავი 1991”-მა 12 ქულის სხვაობით – 84:72 (სტატისტიკა) დაამარცხა “ქუთაისი” და 24 იანვარს თუკი ქუთაისში საპასუხო მატჩში ამაზე მეტით არ დამარცხდება, მეოთხედფინალში გავა. რომც ვერ გავიდნენ, რუსთაველებმა უკვე მოახდინეს გვარიანი სენსაცია – სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი, ამ სეზონში ფიბა ევროპის თასზე მოასპარეზე იმერული კლუბი დამაჯერებლად დაამარცხეს.

მართალია, ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლესი და “ა” ლიგის გუნდები ერთმანეთს ხშირად არ ხვდებიან, მაგრამ საქართველოს თასის საწყის ეტაპზე, მერვედფინალებში 5 წყვილია ისეთი, რომელშიც სუპერლიგისა და “ა” ლიგის წარმომადგენლები ერკინებიან. შერკინება ნაკლებად, აქამდე არასდროს მომხდარა, რომ ქვედალიგელს ზედალიგელი გაეგდოს, თუმცა გასულ სეზონში ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდს მცირედი დააკლდა ამ შედეგამდე. ვსა-მ “ბათუმს თბილისში მოუგო, ბათუმში კი იგივე სხვაობით დამარცხდა და სერია ოვერტაიმში დათმო.

რა იქნება “რუსთავისა” და “ქუთაისის” წყვილში, 24 იანვრის მატჩის შემდეგ გაირკვევა, თუმცა ის, რომ გოგა ცეკვავას გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა სუპერლიგის ერთ-ერთი ფავორიტი 12 ქულით დაამარცხეს, მნიშვნელოვანი მოვლენაა. “რუსთავი” “ა” ლიგაში 2-დან 2 მოგებით “გრიფინთან” ერთად ლიდერობს და სუპერლიგაში დაბრუნებაზე უჭირავს თვალი. ქუთაისის დამარცხებით რუსთაველებმა დაადასტურეს, რომ სუპერლიგაში ადგილს იმსახურებენ და ამ მოგებით მორიგი ხმაურიანი განაცხადი გააკეთეს.

ქუთაისელებს აკლდათ გამოცდილი მიხეილ ბერიშვილი, თუმცა ანალოგიურ სიტუაციაში იყვნენ რუსთაველებიც, რომლებსაც გუნდის გამოცდილი წევრი, კაპიტანი ვახტანგ ქადარია აკლდათ. მატჩი რუსთაველთა ლიდერობით დაიწყო – მასპინძლები პერიმეტრიდან უფრო შედეგიანად თამაშობდნენ და შორი სროლებით გადიოდნენ ფონს, თუმცა როცა დასჭირდათ, ფარქვეშ თავი ისახელა ქვემოქართლელთა ცენტრმა – დომენიკ კეისმა, რომელმაც ქუთაისის ბობოქარ მეფარეებს – გიორგი კორსანტიას, აკაკი დვალიშვილსა და ბექა ბექაურს ტოლი არაფერში დაუდო. კეისის ხელს აშველებდა გუგა პატაშური და როცა მესამე პერიოდში ქუთაისელებმა პრესინგს მიმართეს, რუსთაველთა მწყობრი თამაში კალაპოტიდან ამოვარდა.

ტაიმის 9 ქულით წაგების შემდეგ, ქუთაისი დაწინაურდა და თითქოს აქ გატყდა რუსთავიც, მაგრამ ცეკვავას გაწვრთნილი გუნდი სხვაგვარად ათამაშდა. ფარქვეშ დომინიკ კეისი გაბატონდა, პერიმეტრიდან კევონ ვოილსი და კემდინ კარფმანი წარმატებით უტევდნენ. ყველაფერმა ამან მასპინძლებს ლიდერობა დაუბრუნდა და კოტე ტუღუშის არაერთი მცდელობის მიუხედავად, რომელიც წუთშესვენებებს იღებდა, ქუთაისელებმა რუსთაველთა შეჩერება ვეღარ შეძლეს.

რუსთაველებს კეისიმ 13 ქულითა და 20 მოხსნით ულიდერა. ბომბარდირი 18 ქულით კამდინ კარფმანი გახდა. გუგა პატაშურის ანგარიშზე კი 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისში 21 ქულით მარქილ სმიტი გამოირჩა, გიორგი ოჩხიკიძემ 13 ქულა მიითვალა, აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე კი 11 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალური სერიები 2-მატჩიანია და ამ წყვილში საპასუხო მატჩი ქუთაისში 24 იანვარს გაიმართება.

დღეს კიდევ 2 მატჩი გაიმართა იმ წყვილებში, რომლებშიც სუპერლიგა-“ა”ლიგის გუნდები ხვდებიან. გურჯაანის “დელტამ” თბილისში დამაჯერებლად – 89:60 (სტატისტიკა) დაამარცხა “ვერა” და მეოთხედფინალის საგზური ფაქტობრივად გაინაღდა. “სოხუმი-საქართველოსა” და ზესტაფონის “მარგვეთის” მატჩი იმერული კლუბის გამარჯვებით – 104:96 (სტატისტიკა) დასრულდა. ზესტაფონელები 24 იანვარს უმასპინძლებენ სოხუმელებს და შემდეგ წრეში რომ გავიდნენ, 8 ქულით არ უნდა წააგონ.

სრულად წაკითხვა