,,ბაბუაჩემს ერთი საყვარელი ნათესავი ჰყავდა, მილიციელი იყო, “როზისკში” მუშაობდა“ – რას იხსენებს ლევან ლორთქიფანიძე

2 weeks ago 6

,,კავკასიის სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:

,,ბაბუაჩემს ერთი საყვარელი ნათესავი ჰყავდა, მილიციელი იყო, “როზისკში” მუშაობდა, მის შესახებ ოფიციალური ბროშურაც არის გამოცემული. დეტექტივივით წავიკითხე პატარა კრებული. ამ კაცს ერთადერთი ინსტიქტი ამოძრავებდა, დამალული და გაქცეული დამნაშავის მიწიდან ამოთხრის ინსტიქტი, არც ფეშენებელური სახლი ჰქონდა, ვერც შვილებს აცხოვრებდა კარგად, მხოლოდ დამნაშავის მოხელთების აზარტი ამოძრავებდა…

ბებიაჩემს ერთი კარგი ამხანაგი ჰყავდა, მისი მთავარი თანამოსაუბრე გახლდათ, ისიც მილიციელი იყო, თანაც ქალი… მურაბებზე და “ინასტრანკას” ახალ ნომერზე მსჯელობის შემდეგ მოიგდებდა თავის მუნდირს მხრებზე და ვაკის ყველა პატარა ხულიგანს თავზარს სცემდა.

ცხადია, იდეალური ადამიანები არ იყვნენ, თავიანთი ცოდვები ჰქონდათ, მაგრამ პროფესიული ღირსება არ დაუკარგავთ – დამნაშავეები უფრთხოდნენ მათ, ჩაგრული კიდევ უფრო მეტად არასდროს დაუჩაგრავთ, ღარიბისთვის არ წაურთმევიათ, რათა მდიდრისთვის მიეცათ, ძალა და ავტორიტეტი ჰქონდათ ხალხში.

შეძრწუნებული ვადევნებ ჩვენს დღევანდელ პოლიციას თვალს. დააკვირდით, როგორ ამცირებს ჩვენი ხელისუფლება საქართველოს სამართალდამცველებს! ყოველდღე ღირსებას ულახავს მათ!

ჩვენი პოლიციელები ხან საკუთარი შვილებისა და ნათესავების გასალახად გამოჰყავთ ქუჩაში, ხან ესკალატორებზე არბენინებენ ბავშვების დასაჭერად, ხან დუბინკიან ხულიგანთა ბატალიონის გამცილებლებად ამუშავებენ, ხან დამნაშავეების გადასამალად რჯიან.

ბოლოს ნაძვის ხის დაცვაც დაავალეს. ადამიანების დაცვის უფლებას არ აძლევენ, ადამიანებს ჩაგრავენ, სამაგიეროდ ნაძვის ხეს იცავენ.

ამაზე დიდი შეურაცხყოფა ვინ შეიძლება მიაყენოს პოლიციას? მილიონი ფეიერვერკის გასროლაზე ათასჯერ მტკივნეულია პოლიციელის ნახვა, რომელმაც არ იცის როგორ გააჩეროს დამნაშავე და როგორ დაიცვას ადამიანი.“

სრულად წაკითხვა