WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს. ავტოგასამართი სადგურების ნაწილში 19-21 ოქტომბერს, 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება კიდევ 5-7 თეთრით გაძვირდა. ვისოლის შემდეგ, 5-ლარიან ნიშნულს, დიზელის ფასმა გალფის ქსელშიც გადააჭარბა.

ბრენდირებულ ქსელში ყველაზე იაფიანი რეგულარი ტიპის ბენზინის ფასი ₾4.08-ს უთანაბრდება, პრემიუმის ₾4.39-ს, სუპერის ₾4.64-ს, დიზელის კი 5 ლარს აჭარბებს.

ბოლო ერთ წელიწადში, ბენზინი საშუალოდ 37%-ით და დიზელი 65%-ითა გაძვირებული. თანხობრივად ეს ₾1.17-იან და ₾1.96-იან გაძვირებას უდრის. თუ შედარებას 2012 წლის სექტემბერთან გავაკეთებთ, მაშინ ბენზინი საშუალოდ 95%-ით, ხოლო დიზელი 123%-ით იქნება გაძვირებული, რაც თავის მხრივ თანხობრივად ₾2.14-იან და ₾2.76-იან ფასის ზრდას ნიშნავს.

100 ლარად, 2012 წლის სექტემბერში ავტომობილის ავზში 44 ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინის ჩასხმა იყო შესაძლებელი, 2025 წლის ოქტომბერში 32 ლიტრის და 2026 წლის ოქტომბერში 23 ლიტრის. რაც შეეხება დიზელს, 100 ლარი 2012 წელს 43 ლიტრის შეძენისთვის იყო საკმარისი, 2025 წელს 33 ლიტრისთვის და 2026 წელს 20 ლიტრზე ნაკლებისთვის.

100 ლარის სამყოფი საწვავი

წყარო: ვისოლი

საწვავის მკვეთრი გლობალური გაძვირება მარტიდან დაიწყო, რისი მიზეზიც 28 თებერვლიდან დაწყებული აშშ-ისრაელის კოალიციის მიერ ირანთან დაწყებული ომი გახდა. აქტიური საომარი მოქმედებების დასრულების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტის კრიზისი დღემდე გრძელდება, რასაც იემენში ჰუსიტების გააქტიურებაც ემატება. სანავთობო ტანკერთა მოძრაობა ბაბ ელ მანდების სრუტეშიც შემცირებულია.

ნედლი ნავთობის ფასის გარდა, დამატებით გაზრდილია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიერ გამოტანილი მზა პროდუქტისა და ტრანსპორტირების ღირებულებაც.

საცალო ფასზე დამატებით გავლენას რუსეთ-უკრაინის ომიც ახდენს. დრონებით დაბომბილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გამო, რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი შეზღუდა, რამაც საქართველოში შედარებით იაფინი რესურსის იმპორტი შეამცირა.

საქართველოს მაგალითზე 14-წლიან პერიოდში ფასზე დამატებითი გავლენა EURO 5-ის სტანდარტზე გადასვლამ და აქციზის გაორმაგებამ (დიზელის შემთხვევაში 167%-ით) ზრდამაც იქონია. აქციზი, მასზე დარიცხულ დღგ-ს ჩათვლით 1 ლიტრ დიზელს 39 და 1 ლიტრ ბენზინს 44 თეთრით აძვირებს, მთავრობა მის დროებით გაუქმებას ან განახევრებას არ განიხილავს.

სპეციფიკის გათვალისწინებით, საწვავის ფასის ზრდა ჯაჭვური რეაქციით სხვა პროდუქტებსაც აძვირებს. მგზავრობის გარდა ძვირდება ტრანსპორტირებაც, გარდა ამისა, აგროტექნიკა (ტრაქტორები, კომბაინები) ძირითადად დიზელზე მუშაობას, რის გამოც დიზელის გაძვირება აგროსასურსათო პროდუქციის გაძვირების წინაპირობა ხდება.