პროკურატურა იუსტიიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, უფლებამოსილება შეუჩერდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს.
საქმე ეხება დავით ფეიქრიშვილის სავარაუდო ცემის ფაქტს. თუმცა პროკურატურაში აცხადებენ, რომ პატარიძის რაიმე ბრალეულობა გამოძიების ფარგლებში ჯერ გამოკვეთილი არ არის.
„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.
ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს”, — განაცხადეს იუსტიიციის სამინისტროში.
დავით ფეიქრიშვილი, რომელიც ამბობს, რომ საკანში დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის, ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრომ“), „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ადვოკატის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილს დამტვრეული ჰქონდა ნეკნები, სახის ძვლები, დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა.
პენიტენციური სამსახური ფეიქრიშვილის ცემას უარყოფდა მანამ, სანამ 20 ოქტომბერს ღამით იუსტიციის სამინისტრომ განცხადება არ გაავრცელა, რომ „მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“.
გარდა ამისა, თვითდაზიანება მიიყენა დავით ფეიქრიშვილის ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმა, რათა, მისი თქმით, ძმის სიცოცხლე გადაერჩინა.
ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე „ავტორიტეტებად“ მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, 15 ოქტომბერს დააკავეს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე.
ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.
ყველა ეს პატიმარი ამჟამად გლდანის #8 დაწესებულებაში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციით თავიდან აიცილეს ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობა. პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი გეგმავდა. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.
netgazeti