ბორჯომის ტყეში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო. ხანძრის ჩასაქრობად გვიან ღამიდან მოყოლებული ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის სიღრმეში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაჩნდა.

“მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150 მეხანძრე-მაშველი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები არიან ჩართულნი. საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სხვა ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერებიც შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით ჩაერთვებიან”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ ხანძრის მონიტორინგი კი დრონების საშუალებით ხორციელდება.