“ბრძოლის ძალას ქვეყნის უანგარო სიყვარული გვაძლევს” – გორელი ახალგაზრდების პროტესტი

1 week ago 8

“ვერაფრით გაგვაჩერებენ. თუ გვცემენ, გაათმაგებული ენერგიით გავაგრძელებთ პროტესტს”, – ამბობენ გორელი ახალგაზრდები, რომლებიც 2 კვირაზე მეტია, ქუჩაში დგანან და “ქართული ოცნების” ანტიევროპულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

ახალგაზრდებს სჯერათ, რომ მათი პროტესტი შედეგს გამოიღებს, რადგან როგორც თავად ამბობენ, მათ ძალას აძლევს სამშობლოს სიყვარული და იმ მიზნის ერთგულება, რასაც ქვეყნის ევროინტეგრაცია ჰქვია.

ჩვენი პროტესტი დემოკრატიის და თავისუფლების დაცვას ემსახურება“.

ერთ-ერთი, ვინც ქუჩის საპროტესტო აქციებს უერთდება, მარიამ ფილიშვილია. მარიამი გამოსვლებში მეგობრებთან ერთად მონაწილეობს და ამბობს, რომ დაღლის ნაცვლად, თითოეული მათგანი დღიდან დღემდე ძლიერდება, ახალ მოკავშირეებს იძენს და შემართებაც ემატება.

“ახალგსზრდების პროტესტი განსაკუთრებული ძალაა. უწყვეტ რეჟიმში ქუჩაში ყოფნის ძალას გვაძლევს ჩვენი ერთიანობა და მხარდაჭერა. ახალგაზრდების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ ვართ ქვეყნის მომავალი და სწორედ ჩვენი ხედვები განსაზღვრავს, როგორ განვითარდება საქართველო. ყველაზე დიდი იმედი ისაა, რომ ჩვენი პროტესტი დემოკრატიის და თავისუფლების დაცვას ემსახურება, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს რუსული რეჟიმი”, – ამბობს მარიამ ფილიშვილი.

ახალგაზრდები ვქმნით მომავალს“.

ახალგაზრდების პროტესტს უერთდება მამუკა ზოლოტარიოვიც. ის პირველი კურსის სტუდენტია, თუმცა ახლა მისთვის მთავარი საქმე აქციებზე დგომაა.

“21-ე საუკუნეში ყველაზე დიდი ძალა ახალ თაობას და ახალგაზრდებს აქვთ. სწორედ ისინი არიან ქვეყნის მომავალი ექიმები, ადვოკატები, მოსამართლეები, მასწავლებლები და იციან, რა არის მათთვის კარგი და რა ცუდი. იციან ადრეულ წარსულში საქართველომ როგორი დარტყმები გადაიტანა და იგივე რომ არ განმეორდეს, ახალგაზრდები სწორედ საკუთარი აზრის დაფიქსირებით და პროტესტით იცავენ ქვეყნის ღორსებას. მე ყოველთვის ვამბობ, ახალგაზრდები ვქმნით მომავალს”, – ამბობს მამუკა ზოლოტარიოვი.

ძალას კიდევ ჩემი სიბრაზე მაძლევს და კადრები რასაც უკეთებენ ხალხს“.

ახალგაზრდებმა, რომლებიც ქუჩაში დგომით ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ, იციან ქვეყნის წარსული და თანხმდებიან, რომ საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ აღარ უნდა დაბრუნდეს.

“ვიბრძვი ჩემი ქვეყნისთვის, ვიბრძვი ჩემთვის, ვიბრძვი ჩემი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის. ამასთან ერთად ჭირივით მეზიზღებიან რუსები. ძალას კიდევ ჩემი სიბრაზე მაძლევს და კადრები რასაც უკეთებენ ხალხს. მინდა, რომ მომავალში წარმატებული და ძლიერი ქვეყანა ვიყოთ და აღარ გვიწევდეს ბრძოლა გადარჩენისათვის, მაგრამ ამისთვის “ქართული ოცნება” უნდა მოვიშოროთ, რომელსაც ჩვენი მომავალი რუსეთში წარმოუდგენია, საკუთარი შვილების ევროპაში”, – ამბობს სტუდენტი გიორგი კეკენაძე.

“ჩვენ, როგორც საქართველოს მომავალს, არ გვინდა რუსული დროშის ქვეშ ცხოვრება”.

გორელი ახალგაზრდების თქმით, ბრძოლას გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიაღწევენ. ისინი ამბობენ, რომ ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი ქვეყნის უანგარო სიყვარულია, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

“ახალგაზრდები ვიბრძვით ჩვენი მომავლისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ახალგაზრდული შემართება ქვეყნისთვის ბრძოლაში უშრეტ ენერგიას საჭიროებს, იმ წნეხის და რეპრესიების გათვალიწინებით, რაც ჩვენს წინააღმდეგ ხდება. ჩვენი ენერგიის პირველწყარო კი უანგარო სიყვარულია ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მიმართ. ჩვენ, როგორც საქართველოს მომავალს, არ გვინდა რუსული დროშის ქვეშ ცხოვრება, ჩვენი ქართველების ადგილი ყოველთვის იყო და იქნება ევროპული ოჯახი”, – ამბობს  ფილოსოფიის მაგისტრი საბა ბულისკერია.

ინფორმაციისთვის, 17 დღეა დედაქალაქში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მათ შორის გორშიც. ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ეწინააღმდეგებიან სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები. ისინი ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მოქალაქეებზე ძალადობაში ჩართული პირების დასჯას ითხოვენ.

სრულად წაკითხვა