30 ნოემბერი, 2024 • ნინო ჩიჩუა
საქართველოს ეროვნული ნაკლების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე ეხმაურება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გმობს ძალადობა.
„ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპული ნაწილი. ჩემი შეხედულება არასდროს შეცვლილა — საქართველოს ადგილი ევროპაშია“, — წერს ზივზივაძე „ინსტაგრამზე“.
- მასობრივი პროევროპული და ანტისამთავრობო დემონსტრაციები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბერს დაიწყო. ამ დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ “ოცნება” უარს ამბობს ევროკავშირში ინტეგრაციაზე.
- 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“.
- კობახიძის ამ განცხადებას მოყვა სპონტანური აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან, რაც შემდგომ გადაიზარდა მრავალათასიან დემონსტრაციაში.
- სპეცრაზმმა 28 ნოემბერს დაარბია და დაშალა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია, 29 ნოემბრის გამთენიისას კი რუსთაველის გამზირზე დარჩენილ მომიტინგეთა მცირე რაოდენობას სასტიკად გაუსწორდა.
- ამის მიუხედავად 29 ნოემბერს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტთან, ისევე როგორც სხვა ქალაქებში.
- სპეცრაზმმა იძალადა არაერთ ჟურნალისტსა და მოქალაქეზე.