WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ბულგარეთში 1 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ეგზიტპოლების მონაცემებით, გამარჯვებას მოიპოვებს მოქმედი პრეზიდენტი ილიანა იოტოვა, რომელსაც გამოკითხულთა 52,5%-მა დაუჭირა მხარი. მის კონკურენტს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელ ანდრეი გიუროვს გამოკითხულთა 43,4%-მა მისცა ხმა, ხოლო დაახლოებით 4%-მა გადაწყვიტა, მხარი არავისთვის არ დაეჭირა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 25 ოქტომბერს ჩატარდა. კენჭისყრაში მონაწილე 27 კანდიდატიდან უმრავლესობა ვერავინ ვერ მოაგროვა, რის გამოც მეორე ტურში იოტოვა და გიუროვი გადავიდნენ. პირველი ტური რეკორდულად დაბალი აქტივობით ხასიათდებოდა, რადგან მასში ბულგარელი ამომრჩევლების მხოლოდ 23%-მა მიიღო მონაწილეობა.

ყველა კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემაა უკრაინაში რუსეთის აგრესია. ბულგარეთის მოქალაქეებს აშფოთებთ შავ ზღვაში კომერციულ გემებზე უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმები. მხოლოდ ოქტომბერში ბულგარეთის სანაპიროსთან ახლოს, საერთაშორისო წყლებში, თუმცა ბულგარეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, დრონები ოთხ გემს დაესხნენ თავს. მათგან ორი ჩაიძირა, ხოლო ეკიპაჟის წევრების ნაწილი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. შეიქმნა ვითარება, რომლის გამოც ბულგარეთი იძულებული გახდა, ნატოს მოკავშირეებისთვის დახმარება ეთხოვა საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცებაში. უკრაინის ომს შესაძლოა უკავშირდებოდეს Starlink-ის თანამგზავრული კავშირის სადგურების ცეცხლის წაკიდების ფაქტები და 2026 წლის სექტემბერში იარაღის ქარხნის, EMCO-ს საწყობებში გაჩენილი ხანძარიც.

ილიანა იოტოვა, ისევე როგორც ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი, მოსკოვთან დიალოგის მომხრეა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება. ანდრეი გიუროვი კი, პირიქით, მეომარი უკრაინის მხარდაჭერასა და ევროკავშირსა და ნატოსთან ბულგარეთის კავშირების გაძლიერებას ემხრობა (ბულგარეთი ორივე ორგანიზაციის წევრია).

ბულგარეთში პრეზიდენტის თანამდებობა უმთავრესად ცერემონიულია. ძირითად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ მთავრობა და პარლამენტი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ფლობს უფლებამოსილებას, ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, ხელი მოაწეროს საერთაშორისო ხელშეკრულებებს და დანიშნოს დიპლომატიური წარმომადგენლები, აგრეთვე იგი ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.