ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 2025 წლის 1 იანვრიდან ბულგარეთისა და რუმინეთის საზღვარზე და შიდა სახმელეთო საზღვრებზე გაუქმდება პირთა შემოწმება.
"ეს არის ისტორიული მომენტი, როდესაც ბულგარეთი და რუმინეთი საბოლოოდ გახდებიან შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები. ამ წევრ ქვეყნებთან და მათ შორის შიდა სახმელეთო საზღვრებზე შემოწმების გაუქმება უნგრეთის თავმჯდომარეობის მთავარი პრიორიტეტი იყო. დღეს ჩვენ ეს რეალობად ვაქციეთ. ეს ნაბიჯი სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ბულგარეთისა და რუმინეთის მოქალაქეებს, არამედ მთლიანად ევროკავშირს", - განაცხადა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა შანდორ პინტერმა.
ორივე შავიზღვისპირა სახელმწიფო მარტში შეუერთდა შენგენის ზონას, ოღონდ შეზღუდული უფლებებით: მათ მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ თვითმფრინავებითა და გემებით, მაგრამ არა საავტომობილო ტრანსპორტის საშუალებით.