განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები აკრიტიკებენ “ქართული ოცნების” მიერ ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური კურსის ცვლილებას. მათ შორის, ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგში არ დააყენონ 2028 წლამდე.
“ამ განაცხადით განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპედიანტები, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული კურსის ცვლილების და დასავლური ღირებულებების ეროზიის გამო. ჩვენ მივიჩნევთ კონსტიტუციას ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩოს საფუძვლად და ვგმობთ ქართული ოცნების ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენი უმრავლესობა პროტესტს გამოთქვამს გაყალბებული არჩევნების, დაუსჯელი ძალადობის, ქვეყნის საგარეო კურსის საბოტაჟის და საქართველოს გარუსების პოლიტიკის გამო.
მთავრობის დე-ფაქტო ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებები და ქართული ოცნების მიერ დასავლეთისთვის ზურგშექცეული გეზი ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიულ ღირებულებებს, თრგუნავს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას და საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს.
ქართველი ხალხის ერთგულება პროდასავლური კურსის და ცივილიზაციური კუთვნილების მიმართ იმ სისხლით არის დაწერილი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გაიღეს. 9 აპრილის გმირები და რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე თანამემამულეები ამ ერთგულებას შეეწირნენ. ქართული პატრიოტიზმი თავის თავში ატარებს წინააღმდეგობას რუსეთის პოლიტიკურ-კულტურულ სივრცესთან და ღირებულებებთან. ყველა განცხადება თუ ქმედება, რომელიც ამის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, ეროვნული პროექტის ნგრევას და კონსტიტუციის უხეშად დარღვევას ნიშნავს.
საქართველო დიდი ხანია გამძლეობის სიმბოლოს წარმოადგენს და ამაყად უძლებს გეოპოლიტიკურ ქარტეხილებს. თუმცა, ვთვლით, რომ უცხოელი პარტნიორების თანადგომა დღეს, საბედისწეროდ მნიშვნელოვანია და საქართველოს ამ თანადგომის გარეშე რუსეთის წინაშე სრულიად დაუცველს ტოვებს. რუსეთთან „დათბობის პოლიტიკის“ გატარება საფრთხეს უქმნის მიღწეულ პროგრესს და საფრთხეში აყენებს ქართველი ხალხის უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ თავისუფლებებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც 100-ზე მეტი სტიპედიანტი აწერს ხელს.
გარდა ამისა, ისინი მოუწოდებენ “ოცნებას”, გაათავისუფლონ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული ყველა მოქალაქე, ხოლო მათზე მოძალადე პოლიციელები დასაჯონ. ისინი მოითხოვენ:
- შეწყდეს დანაშაულებრივი ძალადობა სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებზე.
- გადადგეს დე-ფაქტო ხელისუფლება და დანიშნოს ხელახალი არჩევნები.
- გაიმართოს მოლაპარაკებები ოპოზიციის ლიდერებთან და საქართველოს პრეზიდენტთან შუალედური ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებას.
- დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილეები.
- მიუკერძოებელი კომისიებით და მეთოდებით გამოიძიოს გაყალბებული არჩევნები და თითოეული ძალადობის ფაქტი.
გარდა ამისა, სტიპედიანტები მოითხოვენ საჯარო პოზიციის დაფიქსირებას უშალოდ განათლების საერთაშორისო ცენტრისგან, რომელიც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ისინი ელოდებიან იმ სტიპედიანტების გამოხმაურებასაც, რომლებმაც სახელმწიფო დაფინანსებით განათლება დასავლეთში მიიღეს, ახლა კი ქვეყნის საგარეო კურსის მკვეთრ ცვლილებას დუმილით ხვდებიან.
“ჩვენი აქტიური პროტესტი იძლევა საშუალებას განათლების საერთაშორისო ცენტრის რიგი სტიპენდიატებსთვის ჩამოირეცხონ წლობით დაგროვილი ტალახი, რომელიც სიჩუმით და სიმართლეზე თვალის დახუჭვით დაუგროვდათ. მათმა დუმილმა უსამართლობაზე, კორუფციაზე, ქვეყნის კურსის ცვლილებაზე, სიტყვის თავისუფლებასა და სხვა საჭირო საკითხებზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში შექმნილ დღევანდელ მდგომარეობაში. განცხადებას უერთდება სტიპენდიანტების ნაწილი ქუჩაში პროტესტიდან და ნაწილი კი, ცივილიზებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან”, – აცხადებენ სტიპენდიანტები.