გახარია მარტო იყო, თავს დაესხა 10 ადამიანი - ბერდია სიჭინავა

9 hours ago 2

პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ წუხელ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარია მარტო იყო, როდესაც თავს 10-მდე ადამიანი დაესხა.

„არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი ანგარიშსწორებით საჯაროდ დაემუქრა გიორგი გახარიასა და მის გუნდს...ივანიშვილის დავალებით, რომელიც ყველა უღირსი მეთოდით ცდილობს რეჟიმის გადარჩენას, ღამის საათებში სასტუმრო „შერატონის“ ლობიში გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ 15 იანვარს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით, სასტუმრო „შერატონის“ მთელი პერიმეტრი „აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირსიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად“.

სიჭინავას თქმით, სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის 24 საათში გახსნა: „შესაბამისად, ველოდებით გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვისაუბრებთ ამის შემდეგ“.

მისი თქმითვე, გახარიას „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მკურნალობს სახლში“.

„ჩვენი ბრძოლა ამ მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად გრძელდება გამარჯვებამდე. ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს, აბსოლუტურად ყველა მათგანს გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

სიჭინავას ბრიფინგამდე მცირე ხნით ადრე, პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა დაწერა, რომ აჭარის პროკურატურაში შეიტანეს განცხადება კონკრეტული მოთხოვნებით, მათ შორის:

„დაადგინონ ყველა შემსრულებლის და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა და დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა. საქმე სასწრაფოდ უნდა დაიქვემდებაროს პროკურატურამ და შეაჩეროს მტკიცებულებების განადგურება“, - დაწერა ნათია მეზვრიშვილმა.

14 იანვარს, გვიან ღამით, თვითმხილველების თქმით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძესა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას. ინციდენტები გარკვეული შუალედით მოხდა.

ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა კოლეგის, გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად. ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადა გახარიამაც. ის ბათუმში ასევე იმყოფებოდა პარტიის, „საქართველოსთვის“, ახალგაზრდული ფრთის დაკავებული წევრების მხარდასაჭერად.

წუხელ მომხდარის შედეგად გახარიას აქვს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა.

თვითმხილველების თქმით, ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები. ზვიად ქორიძის მონათხრობის თანახმად, გახარიაზე თავდასხმამდე იგივე პირები იმავე სასტუმროში მას დაესხნენ თავს.

სრულად წაკითხვა