გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა მზია ამაღლობელის პატიმრობა სასამართლოსთან გააპროტესტეს

6 hours ago 2

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ქალთა ორგანიზაცია გმობს ჟურნალისტი მზია ამაღლობელის პატიმრობას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, რაც აშკარად უსამართლო და არაპროპორციულია. ამის შესახებ პარტიის წევრებმა დღეს თბილისში, სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე განაცხადეს.

“პოლიციელის მხრიდან მრავალჯერადი სიტყვიერი შეურაცხყოფის და ადგილზე განხორციელებული არაერთი უკანონობის შემდეგ ემოციურ მდგომარეობაში გაწნული ერთჯერადი სილის გამო, მზია ამაღლობელისთვის უმძიმესი ბრალდების წაყენება და მისი დაპატიმრება მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი აქვს ანგარიშსწორებას გამოხატული აზრის და ჟურნალისტური საქმიანობის გამო.

პრაქტიკაში არ მოიძებნება ერთჯერადი სილის გამო, მითუმეტეს იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ეს მოხდა, პატიმრობაში მყოფი ადამიანი, მითუმეტეს კრიტიკული ჟურნალისტი. მეტიც, არათუ პატიმრობის, არამედ არც ერთი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა მზია ამაღლობელის მიმართ.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სასამართლო სისტემა ივანიშვილის მორჩილებაშია და ნებისმიერი გადაწყვეტილება წინასწარ შეთანხმებულია მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფებასთან”, – აცხადებენ პარტიაში.

მათი თქმით, იმ პირობებში, როცა სამართალდამცავი სტრუქტურები ძალადობრივად უსწორდებიან საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ახალგაზრდებს და არც ერთი დამნაშავე პასუხისგებაში მიცემული არ არის, ასეთი ბრალდებები წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივი თანასწორობის პრინციპთან.

“მოვუწოდებთ სასამართლოს, არ დაივიწყოს საკუთარი პასუხისმგებლობა სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ. ნებისმიერი უსამართლო გადაწყვეტილება ისტორიის მხრიდან აღიქმება როგორც რეჟიმის მორჩილების გამოვლინება, ხოლო ასეთი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე პირებს, რომლებიც კორუმპირებული მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრები არიან, მომავალში მოუწევთ პერსონალური პასუხისგება, ყველას მოუწევს ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ფასი გადაიხადოს”.

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის. მზია ამაღლობელი მე-11 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

სრულად წაკითხვა