1
ჟურნალისტებს მივმართავ, გადაწყვიტეთ ახლა ივანიშვილთან ერთად მაკა ჩიხლაძეს კისერი გადაუგრიხეთ, თუ უარს ამბობთ და გმობთ ივანიშვილს?! – ასევე, მივმართავ პოლიციას, თქვენ ივანიშვილთან ერთად ჟურნალისტებს და ახალგაზრდების ცემაში სისხლში გაქვთ ხელი გათხვრილი, თუ გმობთ ივანიშვილს?! – უნდა დაგმოთ ბიძინა ივანიშვილი! – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ნიღბიანი პირების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.
ვაშაძის თქმით, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებაა.
„სახეზე სახელმწიფო სისტემის სრული ჩამოშლა გვაქვს. ფაქტობრივად, ივანიშვილმა პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების წარუმატებლობის შემდგომ ბანდფორმირებებს გადასცა პროტესტის მონაწილეების და აქციის წინააღმდეგ ბრძოლა. რაც ყველაზე საგანგაშოა, პოლიცია გვევლინება ამ ბანდფორმირებების მცველებად.
ჟურნალისტებზე თავდასხმა განახორციელა კონკრეტულმა პირებმა ბიძინა ივანიშვილის სახელით, ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ! დღეს, დაპირისპირებას იწვევს ივანიშვილი. დღეს, ჟურნალისტებს თავს ესხმის ივანიშვილი. დღეს, ხალხს ქუჩაში ბიძინა ივანიშვილი სცემს. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მოშორებით, ეს ყველაფერი დალაგდება. საქართველოს ის [ბიძინა ივანიშვილი] ახლა მიაქანებს 90-იანი წლებისკენ, ეს არის ცალსახად შემდგარი ფაქტი.
ამ ყველაფერს დაალაგებს ახალი არჩევნების ჩატარება, სამართალდამცავი ორგანოების სრული განეიტრალება და ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია. სხვა გამოსავალი არ არის.
კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა ჟურნალისტს, გაემიჯნეთ რუსულ პროპაგანდას. მათ შორის, სამთავრობო კონტროლირებად არხებს. გაემიჯნეთ რუსულ პროპაგანდას! თქვენი კოლეგები გუშინ შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს. მაკა ჩიხლაძეს კისერს ტეხდნენ. მედიასაშუალებებს მოგიწოდებთ დაგმეთ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ყველაფრის ავტორია! წინააღმდეგ შემთხვევაში, უკაცრავად, მაგრამ თქვენ ხართ თანამონაწილე თქვენი კოლეგის თავდასხმის და თქვენ ხართ თანამონაწილე, წამხალისებელი ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი ქმედების.
მივმართავ პოლიციელებს, თქვენ ან ხართ ბიძინა ივანიშვილის ხელისბიჭები და დამნაშავეები, ან ხალხის მხარეს ხართ. გუშინ, რაც ვიხილეთ, როგორც იქცეოდა პატრული, კორიდორს და დაცვას უკეთებდა „ტიტუშკებს“, ეს მგონი ყოველგვარ ზღვარს სცდება“, – განაცხადა ვაშაძემ.