თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი მოკლეს. დაჭრილია მოკლულის მამა და კიდევ ორი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2004 წელს დაბადებული პირი.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოთხ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო სამ პირს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.