რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო.
ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვის ტელეგრამ-არხზე დღეს, 12 დეკემბერს გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, „რუსეთის გმირის, ახმად კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური პოლკის" ყაზარმების თავზე უკრაინული დრონი „ჩამოაგდეს“, რის შედეგადაც „მსუბუქად დაიჭრა ყარაულის ოთხი მებრძოლი“. კადიროვის თანახმად, დაზიანებულია ყაზარმის შენობის სახურავი და ჩამსხვრეულია ფანჯრები, დრონის ნამსხვრევებით გამოწვეული ხანძარი კი მალე ჩააქრეს.
ჩეჩნეთის მმართველის მიერ აღწერილი ეს შედეგები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.
კადიროვი უკრაინას დაემუქრა, რომ მხოლოდ ამ ოთხი დაჭრილის გამო ოთხას „უკრნატოელს“ გაანადგურებენ.
უკრაინას გროზნოზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
დღემდე კადიროვმა ორჯერ აღიარა ჩეჩნეთზე დრონებით შეტევის ფაქტი.
29 ოქტომბერს მან უკრაინა დაადანაშაულა ქალაქ გუდერმესში მდებარე, პუტინის სახელობის „სპეცდანიშნულების უნივერსიტეტზე“ უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმაში.
4 დეკემბერს კადიროვმა განაცხადა, რომ გროზნოს ცენტრზე დრონით დარტყმის შედეგად „დაინგრა ავტოგასამართი სადგური, პოლიციის პოლკის სახურავი და დაშავდნენ მშვიდობიანი ადამიანები“.