პენიტენციური სამსახური 17 ოქტომბრიდან „კატეგორიულად უარყოფს“ გავრცელებულ ცნობებს ფეიქრიშვილის ცემის შესახებ.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო. აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალი, რაც მას მიადგა 16 ოქტომბრის შემდეგ“, - განუცხადა ადვოკატმა 20 ოქტომბერს „ფორმულას“ გლდანის ციხესთან.
„მისი გადმოცემით და გაგნმარტებით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა“ - განაცხადა ადვოაკტმა და კიდევ სამი ადამიანის გვარი დაასახელა.
ადვოკატის თქმითვე, ეს ადამიანები დავით ფეიქრიშვილს 16 ოქტომბერს შეუსახლეს საკანში.
ეს მიმდინარე ახალი ამბავია - ინფორმაცია განახლდება მხარეთა კომენტარებით.
ადვოკატი: „თვითდაზიანებები მიიყენა“
ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ 16 ოქტომბრის შემდეგ დავით ფეიქრიშვილზე „ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა“.
„დღეს რომ შევედი ... ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები“, - თქვა დავით გოგიაშვილმა.
როგორია ყიფიანი-ფეიქრიშვილების ურთიერთობა
ვატო ყიფიანსა და ძმებ ფეიქრიშვილებს მწვავე დაპირისპირების ისტორია აქვთ.
პროკურატურა ვატო ყიფიანს ედავებოდა ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობას 2020 წელს უკრაინიდან, - რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა.
2021 წელს სწორედ უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ დააკავეს საქართველოში ვატო ყიფიანი.
- 40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, 2026 წლის 22 სექტემბერს თბილისში დააკავეს - სხვადასხვა საქმეზე;
- ვატო ყიფიანი 15 ოქტომბერს დააკავეს ბიძაშვილთან, შოთა ყიფიანთან და ავთანდილ ბილანიშვილთან, მეტსახელად „კაწროსთან“ ერთად.
სახალხო დამცველი: უარი თქვა შეხვედრაზე
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა დავით ფეიქრიშვილმა, - რომლის ოჯახიც მის სავარაუდო ცემაზე საუბრობს, - უარი თქვა ომბუდსმენის რწმუნებულთან შეხვედრაზე.
„2026 წლის 19 ოქტომბერს, 16:31 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე და თხოვნა მისი მონახულების შესახებ“, - წერს ომბუდსმენის აპარატი.
20 ოქტომბერს გავრცელებული ცნობის თანახმად, „დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ინფორმაცია გადაეცემოდა უფლებამოსილ დეპარტამენტს, ხოლო პატიმრის მონახულება განხორციელდებოდა უმოკლეს ვადაში“.
„იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა“, - წერია განცხადებაში.
ომბუდსმენის თანახმადვე, ეს გარემოება „დადასტურებულია შესაბამისი ოქმით, რომელზეც დაფიქსირებულია ბრალდებულის ხელმოწერა“.
რას ამბობდა დედა
პატიმრობაში მყოფი ტყუპი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი შვილი, დავით ფეიქრიშვილი, ნაცემია და შვილთან შეხვედრა მოითხოვა. ორივენი მე-8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში არიან.
პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ პროკურატურას ბრალდებულისათვის პაემნებზე შეზღუდვა აქვს დაწესებული, ფეიქრიშვილის მხრიდან ოჯახთან ზარიც „გამონაკლისის სახით დაუშვეს“, ხოლო ფეიქრიშვილის ცემა „კატეგორიულად უარყვეს“.
ნინო აბრამიშვილმა თქვა, რომ მოითხოვა, სახალხო დამცველს ორშაბათსვე მისცემოდან ფეიქრიშვილების მონახულების შესაძლებლობა.
„სახალხო დამცველს დავურეკეთ და ასე გვითხრა, ხვალ და ზეგ შევალთო. სახალხო დამცველი ხვალ და ზეგ რად მინდა, დღეს არის ჩემი შვილი ნაცემი“, - თქვა დედამ IPN-თან.
20 ოქტომბერს ომბუდსმენის აპარატმა ასევე თქვა, რომ „კატეგორიულად უარყოფს“ ინფორმაციას, „თითქოს ... აპარატმა პატიმრის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე მიღებულ შეტყობინებაზე დაგვიანებით მოახდინა რეაგირება“.
radiotavisupleba ახალი ამბები