“დარბაზში არა სამართლებრივი დავა, არამედ აბსურდის თეატრი თამაშდებოდა” – სერგო ჩიხლაძე

1 week ago 8

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს, მძიმე, მწვავე შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, სერგო ჩიხლაძე:

ჩემი მეუღლის “სასამართლო პროცესს“ ვესწრებოდი დღეს. დღეს, რაც სასამართლოს დარბაზში ვნახე, „სასამართლო პროცესი“ კი არა, საცირკო წარმოდგენა იყო! პროცესს არ ჰქონდა არც სამართალი, არც მტკიცებულებები, საერთოდ არაფერი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოუცდელი წარმომადგენლები, როცა ჩიხში შედიოდნენ და ვეღარ პასუხობდნენ ადვოკატის კითხვებს, მოსამართლე მრჩევლად და მხსნელად ევლინებოდა.

დარბაზში არა სამართლებრივი დავა, არამედ აბსურდის თეატრი თამაშდებოდა. ადვოკატის მოთხოვნაზე, მოწმე მაინც დაკითხეთ, მტკიცებულებები ხომ არ გაქვთ!, მოსამართლემ ჯარიმით უპასუხა. კი, მოსამართლემ ადვოკატი დააჯარიმა მოწმეების გამოძახების მოთხოვნაზე! ხედავთ, სად ვართ?

თან, ეს იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. წარმოგიდგენიათ, როგორ კლოუნადას მართავს ეს სისტემა უფრო „სერიოზულ საქმეებზე“? მოსამართლე ცეკვავამ თერთმეტივე ადამიანი სამართალდამრღვევად ცნო იმ გზის ბლოკირების გამო, რომელიც რამდენიმე საათის წინ ათიათასობით მოქალაქემ ბუნებრივად გადაკეტა. თერთმეტიდან ერთ-ერთი ჩემი მეუღლე იყო – სოფო კუპრაძე, ვისაც ჯარიმა დააკისრეს.

მაგრამ ეს ჯარიმა, ეს სასჯელი რა მოსატანია, როცა ადამიანებს ძვლებში ამტვრევენ, სახისა და თავის ძვლებს, მალებს ულეწავენ და აწამებენ. სისხლის სამართლის საქმეებს კერავენ და 17, 18, 19 წლის ბავშვებს 7 და 9 წლით ციხეში უშვებენ. ეს აღარ არის სამართალი – ეს არის რეჟიმის სადიზმის დღესასწაული!

და ქოცებო, ქოცმსახურო ე.წ. ძალოვნებო და ე.წ. მოსამართლეებო!
მართლა რა საცოდავებად იქეცით! რა გგონიათ, ამ ჯარიმებით ან ამ ცემით შეგვეშინდება? ბიძინას მოძალადე სადისტებზე ვიტყვით, რომ კეთილები გახდნენ? ბიძინას მიერ მოპარულ არჩევნებზე ვიტყვით, რომ ყველაფერი წესრიგში იყო? ბიძინას არალეგიტიმურ რეჟიმზე – ხუნტაზე ვიტყვით, რომ დემოკრატიის ნიმუშია?

ბიძინა წავა, და გახსოვდეთ: მის პირად ჯეტში თქვენი ადგილი ნამდვილად არ იქნება. თქვენ კი ყველას დაამახსოვრდებით ძალადობის და უსამართლობის მსახურებად“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სერგო ჩიხლაძე.

სრულად წაკითხვა