დასავლეთი სირიის ახალ ხელისუფლებასთან კავშირს აღრმავებს

4 days ago 5

სირიის ახალ ლიდერ აჰმედ ალ-შარაასთან (იგივე აბუ მოჰამად ალ-ჯოლანი) ბრიტანელი დიპლომატების ვიზიტის შემდეგ, სირიის ახალი მთავრობის წარმომადგენლებს გერმანიისა და საფრანგეთის ოფიციალური პირებიც შეხვდებიან. შეხვედრა 17 დეკემბერს, სირიის დედაქალაქ დამასკოში გაიმართება.

უკვე ცხრა დღე გავიდა მას შემდეგ, რაც სირიაში ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ჩამოაგდეს და ძალაუფლება ხელში ამბოხებულებმა გადაიბარეს. ახალი მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანა ურთულეს ეკონომიკურ მდგომარეობაშია და ისინი დასავლეთს სანქციების მოხსნას სთხოვენ.

ერთი დღით ადრე, 16 დეკემბერს, აჰმედ ალ-შარაამ დამასკოში ბრიტანეთის საგარეო უწყების დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა ქვეყნის აღმშენებლობისა და დასავლეთთან ძველი კავშირების აღდგენის აუცილებლობას, რაც სანქციების მოხსნასაც გულისხმობს.

სირიის საინფორმაციო სააგენტო "სანას" ცნობით, ალ-შარაას იმედი აქვს, რომ დევნილები სამშობლოში დაბრუნდებიან და ქვეყანაში სტაბილურობა განმტკიცდება. მან ასევე ისაუბრა საკანონმდებლო ბაზისის, უსაფრთხოების და სახელმწიფო ინსტიტუტების აღდგენაზე, რის ხელშეწყობაშიც "სანას" ცნობით, "ბრიტანეთს საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი როლი ეკისრება".

13 დეკემბერს გამართულ ბოლო ვირტუალურ შეხვედრაზე დიდი შვიდეულის ლიდერებმა სირიაში მთავრობის სწრაფ შეცვლასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ "მზად არიან მხარი დაუჭირონ გარდამავალ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს სანდო, ინკლუზიურ და არასექტანტულ მმართველობამდე" სირიაში.

ამბოხებულთა დაჯგუფება, რომელმაც სირიაში ასადების დინასტიის მრავალწლიანი მმართველობა დაასრულა, შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული. მისი ლიდერის, აბუ მოჰამედ ალ-ჯულანის დაკავებაზე კი ვაშინგტონს $10-მილიონიანი ჯილდო აქვს დაწესებული.

ამერიკამ და დიდი შვიდეულის ქვეყნებმა მიანიშნეს, რომ ჯულანის დაჯგუფების ტერორისტთა სიიდან ამოღება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ინკლუზიური გახდება სირიის ახალი მთავრობა. თავად ჯულანი ბოლო წლებში ექსტრემისტული იდეოლოგიისგან დისტანცირებას ამჯობინებდა და ცდილობდა დაერწმუნებინა ყველა, რომ დაიცავდა სირიაში მცხოვრები ქრისტიანების, ქურთებისა და სხვა უმცირესობათა ინტერესებს.

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ამერიკამ სირიის კონფლიქტისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. "ეს არ არის ჩვენი ომი", - დაწერა მან სოციალურ ქსელში მაშინ, როცა გავრცელდა ცნობები სირიაში ხელისუფლების დამხობის თაობაზე. "მიუშვით დინებაზე. არ ჩაერთოთ", - განაცხადა ტრამპმა.

სრულად წაკითხვა