„ეს იყო პასუხი deep state-ისთვის, რომელიც უსამართლოდ მოქმედებს საქართველოს მიმართ“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ.
შეერთებულმა შტატებმა გომელაური გუშინ მაგნიტსკის სანქციების სიაში შეიყვანა, დღეს ის „ქართულმა ოცნებამ“ ვიცე-პრემიერად დააწინაურა.
„ვახტანგ გომელაურის დანიშვნა საქართველოს ვიცე-პრემიერად მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა. მინდა, ვახტანგ გომელაურს წარმატებები ვუსურვო საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ასევე დააანონსა, რომ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ღირსების ორდენზე წარადგენენ შსს-ს 11 ხელმძღვანელი თანამდებობის პირს, ასევე სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს კომპენსირებას, თუკი სანქციების გამო რომელიმე მოხელეს ფინანსური დანაკლისი წარმოექმნება.
„თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი ამ სანქციებიდან, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას. ეს არ არის მარტო სანქციებზე პასუხი, ეს არ არის მხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილებაზე პასუხი, ეს არის პირველ რიგში პასუხი იმ ღირსეულ ქმედებებზე, რომლებსაც ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ეს არის ღირსებაზე და ჰუმანურობაზე პასუხი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ინაუგურაციის შემდეგ, ღირსების ორდენზე წარვადგინოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები“, — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თანახმად, ეს თანამდებობის პირები არიან:
- ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
- შალვა ბედოიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
- ალექსანდრე დარახველიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
- გიორგი ბუთხუზი – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
- იოსებ ჭელიძე – ასევე მინისტრის მოადგილე;
- თეიმურაზ კუპატაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
- ვაჟა სირაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
- სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
- ზვიად ხარაზიშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი;
- მილერი ლაგაზაური – გდდ-ის დირექტორის მოადგილე;
- მირზა კეზევაძე – გდდ-ის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
კობახიძე ამბობს, სანქცირების გადაწყვეტილების უკან „deep state-ის ხელი და არაფორმალური გავლენები“ დგას, ხოლო თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამარცხებს ე.წ. deep state-ს, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება .
„არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობს ძალიან ხშირად ე.წ. დიფ სთეითზე, რომელიც მისი განცხადებით, არსებით გავლენას ახდენს მართვაზე აშშ-ში. მაგალითად, დონალდ ტრამპმა მასზე ტერაქტის განხორციელებამდე ერთი თვით ადრე გააკეთა ძალიან სერიოზული განცხადება ე.წ. დიფ სთეითთან დაკავშირებით, მან განაცხადა ასეთი რამ, რომ „დიფ სთეითი“ დაანგრევს ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ამერიკის შეერთებული შტატები დაანგრევს და მოშლის „დიფ სთეითს“. მთელი ამ 4 წლის განმავლობაში „დიფ სთეითი“ ანგრევდა აშშ-ს და სწორედ ამის შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებსაც ასე ხშირად ვისმენთ ამერიკული სტრუქტურებიდან. აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კონსპირაციულ „დიფ სთეითს“ დააბრალა კობახიძემ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არეულობები მსოფლიოში, მათ შორის ომები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში.
ირაკლი კობახიძე დღეს ნაკლებად იყენებს ტერმინ „გლობალური ომის პარტიას“ და მას „დიფ სთეითით” ანაცვლებს. ტერმინი აღნიშნავს ჩრდილოვანი მმართველობის სისტემას, რომელშიც არაოფიციალური პირები სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.