დებატებმა აჩვენა და დღეს რეზოლუცია დაადასტურებს, რომ ქართველ ხალხს აქვს ევროკავშირის მკაფიო მხარდაჭერა – ჭიაბერაშვილი

1 week ago 16

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვას ესწრებოდა, განაცხადა:

“გუშინდელმა დებატებმა აჩვენა და დღეს ამას კიდევ ერთხელ დაადასტურებს რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, რომ ქართველ ხალხს აქვს ევროპელი ხალხების, ევროპის კავშირის მყარი და მკაფიო მხარდაჭერა იმ არჩევანში, რომელიც გაკეთდება 26 ოქტომბერს და 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ.

რეზოლუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია. ერთი მხრივ, რეზოლუცია მკაფიოდ ამბობს, თუ რამდენად დიდ სარგებელს მიიღებს ქართველი ხალხი და მეორე მხრივ, ნათქვამია, რომ თუკი არჩევნები გაყალბდება (და მხოლოდ ასე შეიძლება “ქართული ოცნება” დარჩეს ხელისუფლებაში), მაშინ ჩვენ დავკარგავთ იმ სარგებელსაც, რომელიც უკვე გვაქვს – უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან და ხელიდან გავუშვებთ შანსს, რომ ვიყოთ ყველაზე წარმატებული კავშირის, ევროკავშირის წევრები.

რეზოლუციაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და სრულიად ნათელია, რომ პოლიტიკური დევნა, რომელსაც 12 წელია, ქართული ოცნება ახორციელებს, შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან და მმართველობის ევროპულ სისტემასთან. არჩევანი ქართველ ხალხზეა, ევროპელებს აქვთ იმედი, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს დემოკრატიისა და ევროპის სასარგებლოდ”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

სრულად წაკითხვა