აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, დიდი ალბათობით, „ტიკ ტოკის“ აკრძალვას 90 დღით გადაავადებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.
დონალდ ტრამპის თქმით, ჯერჯერობით „ტიკ ტოკის“ დაბლოკვის შესახებ კანონთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
„ვფიქრობ, ეს იქნებოდა ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც განვიხილავთ. 90-დღიანი გადავადება, სავარაუდოდ, განხორციელდება, რადგან ეს მართებულია. ჩვენ საკითხი ყურადღებით უნდა განვიხილოთ. ეს ძალიან დიდი საკითხია. ამის გაკეთებას თუ გადავწყვეტ, ალბათ ორშაბათს გამოვაცხადებ“, – განაცხადა ტრამპმა ინტერვიუში.
ცნობისთვის, კანონი აპლიკაციის მფლობელ ჩინურ კომპანიას ავალდებულებს, ან გაყიდოს იგი, ან 19 იანვრიდან დაექვემდებაროს აპლიკაციის აშშ-ში აკრძალვას. მანამდე აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი გადაწყვეტილებას, რომ კანონი, რომელიც კონგრესმა შარშან დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა, არ არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას სიტყვის თავისუფლების შესახებ.(საზმაუ)