“დღეს, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ორივე მხარეს ჩვენი შვილი დგას. არ არის ეკლესიის შვილი, ვინც კლავს, ვინც ცემს, ვინც ცრუმოწმეა” – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

1 week ago 4

არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა:

“წინა საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა ახსენა ნაბუქოდონოსორი და მისი ისტორია, მართალი გითხრათ ვერ მივხვდი რას გვეუბნებოდა პატრიარქი, მაგრამ როგორც ჩანს, ერთი წლით ადრე გაგვაფრთხილა, თუ რა დღეში ვიყავით და რა მოგველოდა.

ნაბუქოდონოსორი არის კაცი, რომელიც ღვთის მხილველ ერს, ისრაელს უკლავდა მომავალს, უკლავდა ახალგაზრდობას. იცით თქვენ ისტორია, როცა მან ცეცხლი დაანთო, ანანია, აზარია და მისაელი, ისრაელის ახალგაზრდები რომ უნდა დაეწვა, მაგრამ ცეცხლმა შეკრა პირი და არ შეეხო იმ ახალგაზრდობას. ასევე მან დანიელი ჩააგდო დამშეულ ლომებით სავსე ორმოში, მაგრამ უფალმა პირი შეუკრა ლომებს და დანიელი უვნებელი გადარჩა. თვითონ ნაბუქოდონოსორმა კი საბოლოოდ გონება დაკარგა და ცხოველს დაემსგავსა და ცხოველივით იყო. იმედი მაქვს ეს ისტორია ასე განმეორდება და ღმერთი დაიფარავს ჩვენს მომავალს. ღმერთი დაიფარავს ყველა იმ ახალგაზრდობას და ყველა იმ გულანთებულ ქართველს, რომელიც იბრძვის საქართველოს გადარჩენისთვის. ღმერთი შეეწიოს ყველას.

დღეს, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ორივე მხარეს ჩვენი შვილი დგას. არ არის ეკლესიის შვილი, ვინც კლავს, ვინც ცემს, ვინც ცრუმოწმეა, როგორ შეიძლება ის ეკლესიის შვილი იყოს?! როგორ შეიძლება მათ ეკლესიის შვილი ვუწოდოთ?!

არა. ეკლესიის შვილი ის არის, ვინც სიმართლისთვის იბრძვის, თუნდაც საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ უვნებლად გადარჩება ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა, უფალი დაიცავს მას”, – განაცხადა არქიმანდრიტმა.

სრულად წაკითხვა