ევროსაბჭოს გენერალური მდივანი სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი კობახიძეს ესაუბრა და ჩამოსვლას გეგმავს

2 weeks ago 5

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი გამოთქვამს მზადყოფნას „აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან, სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით, მიმდინარე კრიზისის დასაძლევად“ საქართველოში.

ევროსაბჭოს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 3 და 4 დეკემბერს ალენ ბერსეტი „ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაძაბული ვითარებისა და მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, გენერალურმა მდივანმა გამოხატა ევროსაბჭოს შეშფოთება მზარდი პოლარიზაციისა და პოლიტიკური ჩიხის გამო. მან აგრეთვე შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა ყველა შესაბამის აქტორს“.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავების მიერ დემონსტრაციების დროს გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევების გამოძიების მნიშვნელობას.

ოფიციალურ პრესრელიზში აგრეთვე ვკითხულობთ: „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ევროსაბჭოს წევრია, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორგანიზაციის როლს ყველა მხარეს შორის მოსაზრებების გაცვლაში და ხაზი გაუსვა ევროსაბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების დაცვის მნიშვნელობას, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების ჩათვლით“.

ოფიციალური ცნობით, შექმნილ პოლიტიკურ კონტექსტში, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ახლო მომავალში საქართველოში ვიზიტს აპირებს.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

შსს-ს სპეცრაზმელები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად იყენებენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს. პოლიცია ფიზიკურად უსწორდება და აკავებს არა მხოლოდ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც სამართალდამცავებს პიროტექნიკას, ქვებს, ჯოხებს და სხვა საგნებს ესვრიან, არამედ მშვიდობიან დემონსტრანტებსაც. ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც.

სრულად წაკითხვა