ელისაშვილი: ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია – არა?

4 hours ago 3

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ეხმაურება გიორგი გახარიაზე თავდასხმას და ხაზს უსვამს გამოძიებისას მუხლის შერჩევის ორმაგ სტანდარტს.

„მე რომ ქუჩაში შემაგინა ტიპმა და პასუხად შემოვცხე, საქმე აღმიძრეს პოლიტიკური დევნის მუხლით. ანუ ვითომ ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით ვეძგერე. გიორგი გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ე.ი. ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა, ხომ?“, — წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

ის სოლიდარობას უცხადებს გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს.

გასულ ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სცემეს. მანამდე იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად მთის ამბები/საქართველოს ამბების რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, რასაც ქორიძეც ადასტურებს, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და სავარაუდოდ, ვარლამ ლიპარტელიანი.

გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. გიორგი გახარია დეპუტატის სტატუსი აქვს, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის გაცილებით მძიმე მუხლით, რაც 7-დან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება და არც ძალადობით ჩადენილი პოლიტიკური დევნის მუხლით, როგორც ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში, რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

სრულად წაკითხვა