ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

2 weeks ago 7

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვისაა დაკავებული, რაც ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილი პოლიციამ 4 დეკემბერს ძალადობრივად დააკავა, რა დროსაც მან დაზიანებები მიიღო.

როგორც შსს აცხადებს, 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.

თუმცა ელისაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ბაბაევმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პროვოკაცია მოუწყო. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„ის არ იცნობდა ბაბაევს. მისი მხრიდან იყო პროვოკაცია და პროვოკაციიდან გამომდინარე მან შეაგინა. ალეკო ელისაშვილმა მას საკადრისი პასუხი გასცა. ჩვენ გაგვაჩნია შესაბამისი მტკიცებულებები, სადაც ჩანს, რომ ალი ბაბაევი იღებს რკინის მეტალს და მიდის ალეკო ელისაშვილისთვის დასარტყმელად და ზიანის მისაყენებლად. მან მოახდინა რეაგირება, თავი დაიცვა, თუმცა, ამის მიუხედავად, ბრალი წაუყენეს არა ალი ბაბაევს, არამედ ალეკო ელისაშვილს“, – აცხადებს „ტვ პირველთან“ გიორგი რეხვიაშვილი.

სრულად წაკითხვა