ემიგრანტების ნაწილი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

2 weeks ago 16

უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ნაწილი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს არ ახსოვს უახლესი ისტორიის განმავლობაში მსგავსი კატასტროფული პოლიტიკური ვითარება და დამოუკიდებელი საქართველოს არცერთი მთავრობა არ ყოფილა ასეთი ცინიკური და ასეთი ღია საკუთარ მოღალატეობრივ ზრახვებში.

როგორც ემიგრანტები აცხადებენ, დიასპორის წარმომადგენლებმა უნდა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალება საქართველოსა და მისი ხალხის დასახმარებლად.

„რუსეთის მხრიდან, ივანიშვილსა და პარტია “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობით, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს სპეცოპერაცია ახალი, ჰიბრიდული მეთოდით, რომლის მიზანია საქართველოს, როგორც პოლიტიკური სუბიექტის მომავლის განადგურება და მისი იზოლაცია დემოკრატიული სამყაროსგან. საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტი და მთავრობა, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ყოველდღიურად ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, სასტიკად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს. დამოუკიდებელი საქართველოს არცერთი მთავრობა არ ყოფილა ასეთი ცინიკური და ასეთი ღია საკუთარ მოღალატეობრივ ზრახვებში.

შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობა გვიბიძგებს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით, მაქსიმალურად გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების საქმეში, გამოვუცხადოთ სოლიდარობა პოლიტიკურ პატიმრებს და მათ ოჯახებს, ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს.

ამიტომ, ჩვენ, საქართველოს გარეთ მცხოვრები მოქალაქეები ურყევად ვაფიქსირებთ, რომ:

  • ევროკავშირი არის საქართველოს არა მხოლოდ ცივილიზაციური არჩევანი, არამედ ერთადერთი უალტერნატივო კულტურული, ინტელექტუალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სივრცე, სადაც შესაძლებელია საქართველოს, როგორც სრულფასოვანი პოლიტიკური სუბიექტის არსებობა, მისი კულტურული იდენტობის შენარჩუნება და განვითარება.
  • ამერიკის შეერთებული შტატები იყო და უნდა დარჩეს საქართველოს ერთგულ და უალტერნატივო პარტნიორად, რომლის მხარდაჭერით საქართველომ შეძლო, მიუხედავად ომებისა, რუსული ანექსიისა და სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ არსებული სრული პოლიტიკური და ეკონომიკური კოლაფსისა, საკუთარი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება.

დღეს, როცა შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი; როცა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ცალმხრივად შეჩერდა საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობები; როდესაც “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის მიერ, საქართველოში მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალება და სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, როდესაც საქართველოში რუსეთის მხრიდან ხორციელდება საქართველოს სახელმწიფოსა და მისი პოლიტიკური მომავლის წინააღმდეგ სპეცოპერაცია, როდესაც საქართველოში ყოველდღე აკავებენ ათობით მშვიდობიან მოქალაქეს, არბევენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს ვაფიქსირებთ ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას ჩვენი ძმებისა და დების – საქართველოს მოქალაქეების მიმართ; საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, როგორც დღეისათვის ერთადერთ ლეგიტიმურ პოლიტიკურ ინსტიტუტს, ვუცხადებთ სრულ ნდობასა და მხარდაჭერას.

მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდაჭერისკენ; მოვუწოდებთ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დასახმარებლად;
კიდევ ერთხელ ვგმობთ “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას !
მოსახლეობაზე, მშვიდობიან მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობას!

მიგვაჩნია, რომ საქართველოს გარდაუვალი მომავალი არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა, ევროკავშირში გაერთიანება და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება.

მოვუწოდებთ დემოკრატიულ სამყაროს, არ დაუშვან საქართველოში რუსეთის ახალი ჰიბრიდული ანექსიის პროექტის წარმატება! დაუწესონ ეფექტური სანქციები ივანიშვილსა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს! დაუჭირონ მხარი ქართველ ერს და საქართველოს პრეზიდენტთან კოორდინაციით დაეხმარონ საქართველოს, იბრძოლოს საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და საკუთარი მომავლის გადარჩენისთვის!“ – ნათქვამია ემიგრანტების განცხადებაში.

სრულად წაკითხვა