ეპიდაფეთქებების გათვალისწინებით, ნიღბების აკრძალვა დემონსტრაციებზე არ შეიძლება - ამირან გამყრელიძე

2 days ago 2

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC-ის) ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საყოველთაო შეკრების ადგილებში ნიღბების აკრძალვა, მით უმეტეს, ზამთარში, გრიპის და ეპიდაფეთქებების გათვალისწინებით, არ შეიძლება.

„ეს [ნიღბების აკრძალვა დემონსტრაციებზე] არ შეიძლება, მით უმეტეს, ზამთარში. ნიღბის აკრძალვა დიდი თავშეყრის ადგილებში არ შეიძლება იმიტომ, რომ ზამთარში ჩვენ ყოველთვის გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების ეპიდაფეთქებები გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ 19 დეკემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ამირან გამყრელიძე NCDC-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2013-2022 წლებში იკავებდა. მისი ხელმძღვანელობის პირობებში გავრცელდა მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის პანდემია და მისი მითითებებით მართა საქართველომ კრიზისული პერიოდი.

მან 19 დეკემბერს ინტერვიუში ასევე გაიხსენა სინგაპურისა და იაპონიის მაგალითები კორონავირუსის პანდემიისას და თქვა:

„რატომ მართეს სინგაპურმა და იაპონიამ ყველაზე კარგად პანდემია? იმიტომ, რომ იქ ხალხი მიჩვეული იყო [პირბადეების ტარებას], სულ ატარებდნენ ზამთარში ნიღბებს. ამიტომ, ნიღბების აკრძალვა არ შეიძლება“.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად დაამტკიცა - კანონები მესამე მოსმენით 13 დეკემბერს მიიღო.

გამკაცრდა სანქცია ბევრ ისეთ მუხლზე, რომელიც შეკრების უფლების შესაზღუდად გამოიყენება ხოლმე.

ცვლილებების ეხება დემონსტრაციებზე სახის დაფარვას. კერძოდ, „სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა“ გამოიწვევს 2000-ლარიან ჯარიმას.

ამ პერიოდში 10-მდე ცვლილებას უფლებადამცველები „განუკითხაობის დაკანონებად“ აფასებენ.

7 დეკემბერს ამირან გამყრელიძე ფეისბუკზე ვრცელი პოსტით გამოეხმარა რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, დემონსტრანტების დასაშლელად ე.წ. სპეციალური საშუალებების, ცრემლსადენი აირისა თუ წყლის ჭავლის მანქანაში გარეული საშუალებების გაფრქვევისა და მათზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს.

„არცერთი მსგავსი პროტესტის დროს არ ყოფილა ქვეყანაში ჩემს მეხსიერებაში, თუ არ ჩავთვლით ცხრა აპრილს, როცა სამწუხაროდ, იყო გამოყენებული სხვა ტიპის მომწამვლელი ნივთიერება“, - დაწერა მან.

19 დეკემბერს ასევე თქვა, რომ არ ახსოვს, პროტესტების დროს ექიმები დაეჭირათ და, „მით უმეტეს, ეცემათ“.

„ექიმები იყვნენ ის დამიანები, ვინ ამ სიტუაციის განმუხტვაზე მუშაობდნენ. მათთვის სულერთია, ოპოზიცია, პოზიცია, მტერი, მოყვარე. კარგი არითმოლოგი, [კახა] ეცადაშვილი ჰყავდათ დაჭერილი. ჩახუნაშვილი, ვიცი ოჯახური დინასტიაა, ვერ წარმოიდგნეთ როგორი ნიჭიერები არიან სულყველა. ომის დროს წითელი ჯვრის ექიმები პირველები შედიან და არავინ ერჩით მათ“.

28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე დემონსტრაციებზე, არაერთ მოქალაქესთან ერთად, სცემეს ექიმებსაც. გახმაურებულ ფაქტებს შორის იყო შემდეგი შემთხვევები:

  • „გულის რიტმის ასოციაციის“ ყოფილი პრეზიდენტი, კახა ეცადაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს მშვიდობიანი პროტესტის დროს და სცემეს;
  • პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს პოლიციის „კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის“ მუხლით, ადმინისტრაციული წესით. სასამართლომ მას 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
  • ტრავმატოლოგ ვატო გვაზავას დემონსტრაციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ მაშინ, როდესაც ორ ახალგაზრდა დემონსტრანტს ეხმარებოდა.
სრულად წაკითხვა