ერდოღანი ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

23 hours ago 4

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო,

ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, რომელთანაც ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ასევე, გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში.

სრულად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადებში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხვედრაშია ჩვენს საერთო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რათა კვლავ გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები, თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – აღორძინება და ბედნიერება“,- ნათქვამია ერდოღანის მილოცვაში, რომელსაც საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს“, – ნათქვამია ერდოღანის წერილში, რომელიც ნეტგაზეთს „ქართულმა ოცნებიდან“ მიაწოდეს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წევრი, მიხეილ ყაველაშვილი საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩია. ყაველაშვილის არჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას, ვინაიდან მათი განცხადებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია, აქედან გამომდინარე პარლამენტი არალეგიტიმურია და შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიხეილ ყაველაშვილის არჩევასაც არ გააჩნია ლეგიტიმაცია.

ამასთან, დასავლელი პარტნიორების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

ამ დრომდე მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა, თურქეთის პრეზიდენტის გარდა, მიულოცეს აზერბაიჯანის, სომხეთის და სერბეთის პრეზიდენტებმა.

სრულად წაკითხვა