მეღვინეები საზოგადოებასა და პროფესიულ ჯგუფებს მიმართავენ და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.
განცხადებაში, რომელიც “ღვინის ოსტატების” ფეისბუქგვერდზე ვრცელდება, ისინი მოუწოდებს პროფესიულ ჯგუფებს მოახდინონ მობილიზება და ყველა ერთად დადგეს “ამ სამარცხვინო დიქტატურის დასასრულებლად ჩვენს საყვარელ ქვეყანაში“.
ამ განცხადებით საზოგადოებას მივმართავთ ქართველი მეღვინეები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და როგორც პროფესიული ჯგუფი. არ გვინდოდა ამ განცხადების გაკეთება, რადგან ვფიქრობდით, რომ ახლა მნიშვნელოვანია არა საქმიანობის სფერო, არამედ – მოქალაქეობა. ამიტომ, თითოეული ჩვენგანი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ვცდილობდით, ვყოფილიყავით ღირსეული მოქალაქეები და გვემოქმედა ისე, როგორც ამას მოქალაქის პასუხისმგებლობა გვკარნახობს.
ამის მიუხედავად, დღეს გადავწყვიტეთ, კვლავ დავფიქსირდეთ როგორც პროფესიული ჯგუფი და ასე დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. გადავწყვიტეთ შემდეგი მიზეზების გამო:
მიგვაჩნია, რომ საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან. აღჭურვილნი აწ უკვე თვითმარქვია პოლიციის რეპრესიული მექანიზმებით, ისინი ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაში დაამყარონ ბარბაროსული დიქტატურა, სადაც მნიშვნელობა აღარ აქვს არც კანონს, არც – კონსტიტუციას, არც – არჩევნებს და არც – ადამიანის რომელიმე უფლებას. აქ ყველაფერს წყვეტს ერთი კაცის – ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილი. ივანიშვილი ქვეყანას მიაქანებს ყველაზე ბნელი, ყველაზე ჩამორჩენილი მომავლისკენ, რაც ჩვენი საზოგადოების განვითარებისა და კეთილდღეობის პერსპექტივებს უსაშინელეს პერსპექტივას უსახავს. ივანიშვილის ხელისუფლებამ მიიღო დიქტატურის ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი ფორმა, რაც კიდევ უფრო ამაზრზენია იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანი, აწ უკვე დაუფარავად, არის საოკუპაციო ძალის დანიშნული სატრაპი საქართველოში – უარჩევნებოდ, ულეგიტიმაციოდ, მხოლოდ ძალადობისა და საზოგადოების დაშინების იმედად.
კომიკურია, მაგრამ ივანიშვილმა გადაწყვიტა, მთელ საზოგადოებას უსამართლო ძალადობით დაუპირისპირდეს და ასე, ცემისა და დაჭერის შიშით, დაიმორჩილოს ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერი. კომიკურობის მიუხედავად, ეს არის საგანგაშოდ საშიში რეალობა, რადგან ეს რეჟიმი საზოგადოებას უქმნის ცხად გამოწვევას, რომ დამორჩილების შემთხვევაში, საქართველო რეალურად გადაიქცეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაუვალ ჭაობად, სადაც ადამიანის ყველა უფლება ფეხქვეშაა გათელილი ერთი მუჭა შეიარაღებული კრიმინალების მიერ.
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ივანიშვილი „გონს მოვა“. არ ვფიქრობთ, რომ არსებობს რამე ისეთი არგუმენტი, რომელიც ივანიშვილს აზროვნებას შეუცვლის. არ ვფიქრობთ, რომ ის, თუნდაც, თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში, რადგან მყარად გვჯერა, რომ ივანიშვილი არის პუტინის მსახური და მოქმედებს მხოლოდ კრემლის მითითებებით.
არგუმენტების ჩამოთვლა, ალბათ, უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ ამ განცხადებას ვავრცელებთ არა არგუმენტების გამო, არამედ – კონკრეტული მიზნით. ჩვენ გვჯერა, რომ ამ საშინელი მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების არნახული ერთიანობის დაფიქსირებით არის შესაძლებელი. პროფესიული ჯგუფების მობილიზება გადამწყვეტი მნიშვნელობის შეიძლება იყოს ამ პროცესში. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა პროფესიულმა ჯგუფმა მოახდინოს მობილიზება და ყველამ ერთად მოვახერხოთ, რომ დიდ ეროვნულ პროტესტს შევუერთდეთ ორგანიზებულად, ნებისმიერ საპროტესტო მოქმედებაში მაქსიმალური წარმომადგენლობითობით. ჩვენ ამას რეალურად ვაპირებთ და გპირდებით!
ამ ომს მოვიგებთ. მთავარია, საზოგადოების თითოეულ წევრამდე მივიტანოთ ის სიმართლე, რომ ქართველებს ახლა გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე და ეს საქმე არის ქუჩაში დგომა მთელ საზოგადოებასთან ერთად! ჩვენ ამ ომს მოვიგებთ მაშინვე, როგორც კი მთელი საზოგადოება ერთად დავდგებით.
მოგიწოდებთ პროფესიულ ჯგუფებს, რომ არა მხოლოდ გამოხატოთ პოზიცია, არამედ – მოახდინოთ მობილიზება და ყველა ერთად დავდგეთ ამ სამარცხვინო დიქტატურის დასასრულებლად ჩვენს საყვარელ ქვეყანაში!” – ნათქვამია განცხადებაში.