“ეს არის თითოეული დიპლომატის ბრალი” – ბოკუჩავა აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე

3 weeks ago 8

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აშშ-ს მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე პასუხისმგებლობას დიპლომატიურ კორპუსს აკისრებს.

ის “ქართულ ოცნებას” რუსულ რეჟიმად მოიხსენიებს, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრიობას ართმევს და ამ პასუხისმგებლობას იმ დიპლომატებზე ანაწილებს, რომლებიც მიმდინარე პროცესების საწინააღმდეგო პოზიციას არ აფიქსირებენ.

“ოლიგარქის გარდა, ეს არის თითოეული დიპლომატის ბრალი, რომელიც დღეს არის ჩუმად და ემსახურება რუსულ რეჟიმს, რომელიც ართმევს ჩვენს ქვეყანას არა მხოლოდ ევროატლანტიკურ მომავალს, არამედ ართმევს სახელმწიფოებრიობას; რომელიც არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. მაშინ, როდესაც ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი გაწერილია კონსტიტუციის 78-ე მუხლში და ეს თვითგამოცხადებული რეჟიმო ღიად აცხადებს, რომ მათ ჩაუკეტეს გზა ქვეყანას ევროპისკენ. დიახ, ეს არის სწორედ კონსტიტუციური გადატრიალება.

მეთიუ მილერი როდესაც ამბობს, რომ დასრულებულია სტრატეგიულო პარტნიორობა, ეს ნიშნავს თავდაცვის სფეროში ყოველგვარი დახმარების შეჩერებას, ეკონომიკური დახმარების შეჩერებას, პოლიტიკური დიალოგების შეჩერება. ეს არის საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. რეჟიმმა პირისპირ დაგვტოვა ოკუპანტ რუსეთთან და ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორობა რომელიც დაგვრჩება, იქნება ჩინეთთან, რაც რეალურად ნიშნავს ჩვენი ქვეყნის, როგორც თანამედროვე დასავლური სახელმწიფოს გაქრობას. ამიტომ ნამდვილად ეს ოლიგარქის და მისი თვითგამოცხადებული ჩინოვნიკების პასუხისმგებლობა მხოლოდ აღარ არის, მათ შორის თითოეული დიპლომატის პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ის იმედოვნებს, რომ არაერთი კოლეგის მსგავსად, დიპლომატების დარჩენილი ნაწილიც საჯაროდ შეეწინააღმდეგება “ქართული ოცნების” პოლიტიკას.

გუშინ, 30 დეკემბერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ წყვეტენ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. მიზეზად, დასახელებულია “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომლებიც არღვევს შეთანხმების ძირეულ პუნქტებს. ასევე, “ოცნების” 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, შეჩერდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ თანამდებობა დატოვა აშშ-ში საქართველოს ელჩმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა.

მას შემდგე, რაც “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ, ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოქალაქეებისა თუ კერძო დაწესებულებების პროტესტსა და გაფიცვებს შეუერთდნენ საჯარო სექტორში დასაქმებულებიც. არაერთი სახელმწიფო უწყების თანამშრომლებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც აკრიტიკებენ “ოცნების” გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ რჩებიან ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულები.

საჯარო პოზიცია დააფიქსირა არაერთმა დიპლომატმა. მათმა ნაწილმა პროტესტის ნიშად თანამდებობა დატოვა.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა