საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე — 10 დეკემბერი — საქართველოში ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა.
ზურაბიშვილის თქმით, შავი ნიღბების მიუხედავად, ისტორიაში შევლენ ყველანი, ვინც ადამიანის უფლებების გათელვაში მონაწილეობენ. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას ადგილი აქვს როგორც დაკავების დროს, ისე დაკავების შემდგომ პერიოდში.
„თვითონ სახალხო დამცველმა გამოიყენა სიტყვა „წამება“ და ესეც შევა ისტორიაში. ირღვევა ყველანაირი უფლებები, როდესაც სამოქალაქო სექტორის მიერ ხმის ამოღებამ , რაც ჩვენს ქვეყანაში ახალია და იმის ნიშანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება იზრდება, ამან გამოიწვია დაშინება და მუქარა. ყველაზე ცნობილი გახდა თბილისის მერის განცხადება, მაგრამ არა მხოლოდ. ის არ იქნება ერთადერთი, რომელიც ასე ემუქრება მოქალაქეებს, რომლებმაც გაბედეს და პროტესტს მოაწერეს ხელი“, — განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ეს არის ნიშანი, რომ „გამოხატვის თავისუფლებაც იწურება“.
„ქვეყანაში დაიწყო არა მხოლოდ ადამიანის უფლებების შეზღუდვა, ჩვენ გადავედით რეჟიმში, რომელიც აწარმოებს ტერორის თავის მოქალაქეებზე. ეს არის უკვე რუსული რეჟიმი“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამ კონტექსტში, რეჟიმის რეპრესიულობის მაგალითად დაასახელა „ქართული ოცნების“ ინიციირებული ახალი კანონპროექტები, რომლებიც მომიტინგეებისთვის ნიღბების ტარების შეზღუდვას და საჯარო სექტორში რეორგანიზაციის გამარტივებას ითვალისწინებს.
ზურაბიშვილის თქმით, ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს სუსის დღევანდელი განცხადებაც.
„რაღაც სცენარების დატრიალება, რომელი სცენარიც მოიცავს „გვამებს“, ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორებაა. იმ დროს, როდესაც გარეთ არის მშვიდობიანი აქციებია… გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა არ არიან „ტიტუშკები“ და არც სხვები, აქციები ძალიან მშვიდობიან ტარდება. ყველაფრის დარღვევაა შსს-ში მიღებული გადაწყვეტილება, რომ გამარტივდეს ახალი პერსონალის აყვანა ისე, რომ არ მოეთხოვოს მათ დიპლომები. როგორც ჩანს, ახალი წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომები არავის არაფერში სჭირდება. ეს არის გზა, აიყვანონ ახალი ტიტუშკები. ამავე დროს, ნიშანია, რომ რესურსები აღარ ჰყოფნით, რაც ძალიან საინტერესოა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.