"ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით წყლის ჭავლის მანქანა დაზიანდა" - შსს-მ პოლიციაზე თავდასხმის მუხლით 1 პირი დააკავა

2 weeks ago 9

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციაზე პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყება ირწმუნება, რომ პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მისამართით ისროლა, რითაც წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა.

შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ამ მუხლით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე [ნივთის დაზიანება ან განადგურება] და 353-ე პრიმა მუხლებით [პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა], ამ დროისთვის, 5 პირია დაკავებული.

2 დეკემბრის დილის მონაცემებით, შსს-ს ცნობით, ბოლო დღეების საპროტესტო აქციებზე დაკავებულია 224 ადამიანი. პოლიცია მათ ძირითადად წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას, დაუმორჩილებლობას ედავება. საქალაქო სასამართლოში სხდომები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

სრულად წაკითხვა