ვაკეში პოლიციამ აიყვანა რონდელის ფონდის მკვლევარი ვატო ბჟალავა - აქტივისტი

1 week ago 7

12 დეკემბერს თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე პოლიციელებმა აიყვანეს მოქალაქე ვატო ბჟალავა, ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, რომელიც საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობდა, - იუწყება მისი მეგობარი, აქტივისტი ნათია ჩიქოვანი.

ნათია ჩიქოვანის ცნობით, ბჟალავა „გაიტაცეს“ ძაღლის გასეირნებისას: „ძაღლი ხეზე მიაბმევინეს და სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს“, - წერს ის.

მისი თქმით, ახლობლები აზუსტებენ ბჟალავას ადგილსამყოფელს.

წინა დღეს ვატო ბჟალავა მოწმის სტატუსით გამოკითხეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა“ და „ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების“ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.

„კითხვები იყო ძალიან ზოგადი (გაუთქმელობის ფიცი დამადებინეს და დეტალებს ვერ მოვყვები). ეს ყველაფერი ემსახურება დაშინებას, ზეწოლას და წნეხს საკუთარ მოსახლეობაზე“, - წერდა ის ფეისბუკზე 11 დეკემბერს, გამოკითხვის შემდეგ.

რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის დაზუსტებას. პასუხის შემთხვევაში სტატია განახლდება.

სრულად წაკითხვა