ვატო ბჟალავა მოსამართლემ 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

1 week ago 3

ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის, „რონდელის ფონდის“ მკვლევარს, ვატო ბჟალავას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა.

სამართალდამცავები ვატო ბჟალავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

14 დეკემბერს, სასამართლოს დარბაზში მოწმის სტატუსით მისულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ასე აღუწერა მოსამართლეს ვატო ბჟალავას დაკავების მიზეზი და პროცესი:

„სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი აბაშიძის ქუჩაზე, რა დროსაც შევნიშნეთ აღნიშნული პიროვნება, რა დროსაც გამოიწვია ეჭვი, ჩვენს დანახვაზე თითქოს რაღაც მოძრაობების შეცვლა სცადა. როდესაც მივედით და მოვთხოვეთ, წარვუდგინეთ ჯერ ჩვენი პირადობები და ვუთხარით, რომ ვიყავით პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგადაც გახდა აგრესიული, არ გვაჩვენა თავისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მოგვმართა „ტიტუშკებით“ და შეგვაგინა. ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისი დაკავება მომხდარიყო ადმინისტრაციული წესით“, - პოლიციელის ამ სიტყვაზე ვატო ბჟალავას გაეცინა.

ადვოკატმა გიორგი ტაბატაძემ მოწმე-პოლიციელს ჰკითხა, ეცვა თუ არა მათ სამსახურებრივი ფორმა, როდესაც ვატო ბჟალავა გააჩერეს, რაზეც პოლიციელმა უპასუხა, რომ არც მას და არც მის მეწყვილეებს ფორმა არ ეცვათ.

კითხვა ჰქონდა მოწმე-პოლიციელთან ვატო ბჟალავასაც:

- თქვენ რომ მთხოვეთ, წარმომედგინა პირადობის მოწმობა, საფულედან რომ ამოვიღე და მოგაწოდეთ და მაშინვე დამიბრუნეთ...

- უარი განაცხადეთ საერთოდ ჩვენებაზე, როდის მომაწოდეთ?

- ახლა იტყუებით თუ არა სასამართლოს წინაშე?

მოსამართლემ მოხსნა ვატო ბჟალავას კითხვა მოწმე-პოლიციელისადმი, იტყუებოდა თუ არა ის სასამართლოს წინაშე.

ვატო ბჟალავამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში მოყვა, როგორ და რა სიტუაციაში დააკავეს ის პოლიციელებმა:

„12-ში, დღისით, გავედი, ძაღლს ვასეირნებდი. ვიყავი ვაკის პარკში, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ვუყურებდი საინფორმაციოებს. უკანა გზაზე ვიყიდე საჭმელი, რომ სახლში ავსულიყავი და მეჭამა. როდესაც კავსაძის ქუჩა გადმოვკვეთე, დავინახე ორი ადამიანი, რომლებიც ჩაცმულობითა და ჰაბიტუსით ვიფიქრე, რომ სამართალდამცავები არიან. შემდეგ შევედი მაღაზიაში, ვიყიდე კოკა-კოლა და როდესაც გამოვდიოდი, ეზოს არკასთან რომ ჩავედი, ეს ორი ადამიანი მომყვებოდა.

მოვამზადე მობილური, რომ ჩამერთო, რომ რასაც ვუყურებდი, ეს დამეფიქსირებინა. მქონდა გამზადებული, რომ ლაივი ჩამერთო, ეზოდან დამხვდა სამი სამართალდამცავი და უკნიდან მოდიოდა ორი. ძალღთან ერთად ვიყავი.

როგორც კი მოვიდნენ, მითხრეს, თუ შეიძლება, შენი პირადობის მოწმობა მოგვეციო. ამოვიღე საფულიდან, მაშინვე მივაწოდე, შეხედეს, რომ კი ვახტანგ ბჟალავა ხარო და დამიბრუნეს. ჩავიდე პირადობა და მითხრეს, ლაივი გათიშეო.

ვუთხარი, რომ მქონდა ლაივის ჩართვის უფლება, რაზეც ტელეფონს მოკიდა ხელი. რაზეც ვუთხარი, კარგი, მოგცემთ-მეთქი, გავთიშე და მივეცი. მითხრეს, რომ დაკავებული ვარ და უნდა წაგიყვანოთო. ვთხოვე, რომ ჩემს ძმასთან დავრეკავ, რომ გადავცე-მეთქი. ჩვენ მივცემთო. ვუთხარი, რომ არ ვიცი, იცით თუ არა საერთოდ, სად ვცხოვრობ-მეთქი, მითხრეს, რომ თავად მოაგვარებდნენ ამას და წავყევი. ჩემით გავყევი, ისე, რომ არ შემხებია არცერთი სამართალდამცავი და არკის წინ, შლაგბაუმთან გაჩერებულ მანქანაში ჩავჯექი“.

ვატო ბჟალავა ყვება, რომ მან სთხოვა სამართალდამცავებს წარედგინათ საკუთარი თავი, მაგრამ მისი თქმით, არცერთმა მათგანმა საკუთარი ვინაობა არ დაუსახელა:

„არც საბუთი მაჩვენეს, არც სახელი და გვარები მითხრეს. არც ის განმიმარტეს, რის გამო ვიყავი დაკავებული, ვთხოვე, რომ ადვოკატთან დამერეკა და არც ამის უფლება მომცეს. პირდაპირ ჩავჯექი მანქანაში და წავედი. ხაზს ვუსვამ, ისე ჩავჯექი მანქანაში და ისე წავედი, რომ არც ვიცოდი, რომ ისინი სამართალდამცავები იყვნენ“.

ვატო ბჟალავა პოლიციამ 12 დეკემბერს თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე დააკავა. სამართალდამცავებმა ის მაშინ დააკავეს, როდესაც სახლთან ახლოს ძაღლს ასერინებდა.

წინა დღეს ვატო ბჟალავა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოჰკითხეს „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა“ და „ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების“ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.

„კითხვები იყო ძალიან ზოგადი (გაუთქმელობის ფიცი დამადებინეს და დეტალებს ვერ მოვყვები). ეს ყველაფერი ემსახურება დაშინებას, ზეწოლას და წნეხს საკუთარ მოსახლეობაზე“, - წერდა ის ფეისბუკში 11 დეკემბერს, გამოკითხვის შემდეგ.

დემონსტრაციების დაწყების შემდეგ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - უმრავლესობა ადმინისტრაციული წესით, 30-ზე მეტი კი - სისხლის სამართლის საქმეზე. ეს ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

დემონსტრაციის მონაწილეები და პოლიტიკური პარტიები მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

სრულად წაკითხვა