ვაშინგტონი ემზადება არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის. ცერემონია, ტრადიციულად, გაიმართება ადგილობრივი დროით დღის 12 საათზე (თბილისის დროით საღამოს 9 საათი), 20 იანვარს.
ტრამპი მეორედ ხდება აშშ-ის პრეზიდენტი - პირველი ვადის დროს ის იყო 45-ე, ამ ჯერზე კი 47-ე პრეზიდენტი იქნება. იგი ვაშინგტონში ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა, ისაუზმა რესპუბლიკური პარტიის სენატორებთან ერთად, შემდეგ გვირგვინები მიიტანა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე. ცერემონიაში მონაწილეობდნენ ტრამპის ოჯახის წევრები, მომავალი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი და მომავალი ადმინისტრაციის სხვა სავარაუდო წევრები.
მოელიან, რომ ტრამპი მხარდამჭერებს მიმართავს Capital One Arena-ის დარბაზში, იქვე გამოვლენ სიტყვით ვენსი და მილიარდერი ილონ მასკი - რომელმაც დიდი როლი შეასრულა ტრამპის საარჩევნო კამპანიაში და რომელიც, გავრცელებული მოლოდინით, მთავრობის ეფექტიანობის უწყების ხელმძღვანელი გახდება.
ვაშინგტონში და აშშ-ის სხვა ქალაქებში 19 იანვარს ტრამპის მოწინააღმდეგეთა აქციებიც გაიმართა. ამ აქციების მონაწილეები აკრიტიკებდნენ ტრამპის მოსაზრებებს კლიმატის ცვლილებების და საემიგრაციო პოლიტიკის შესახებ. "ამერიკის ხმა" აღნიშნავს, რომ წელს ამგვარი აქცია უფრო ნაკლებად მასშტაბური იყო, ვიდრე 2017-ში, როცა ტრამპი პირველი ვადით ხდებოდა პრეზიდენტი. მაშინ ვაშინგტონში 100 ათასზე მეტი ადამიანი ჩავიდა "ქალთა მარშში" მონაწილეობის მისაღებად, წლევანდელ აქციებში მხოლოდ რამდენიმე ათასი მოქალაქე მონაწილეობდა.
საკუთრივ ინაუგურაციის ცერემონია და პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვა ჩაივლის დახურულ შენობაში - კაპიტოლიუმის როტონდაში. ეს უჩვეულოა, თუმცა პირველად არ ხდება - 40 წლის წინ რონალდ რეიგანის მეორე ვადაც დახურულ სივრცეში ინაუგურაციით დაიწყო. ტრამპმა ცერემონიის ადგილის შეცვლა ახსნა ძლიერი სიცივით.
ტრამპის თქმით, მისი მომხრეები ცერემონიას თვალს მიადევნებენ Capital One Arena-ზე დამონტაჟებული ეკრანებით. ეს დარბაზი 20 000 ადამიანს იტევს. ინაუგურაციის შემდეგ გაიმართება ტრადიციული აღლუმი. ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ვაშინგტონში ჩავიდა ტრამპის 200 ათასზე მეტი მომხრე.
პირველად 100 წელზე მეტი დროის განმავლობაში, ინაუგურაციაზე მიიწვიეს უცხოეთის სახელმწიფოთა ლიდერები, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი და იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯა მელონი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტრამპმა ასევე მიიწვია ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი - თუმცა ცერემონიაზე ჩინეთი წარმოდგენილი იქნება მისი მოადგილის, ჰან ჩჟენის მიერ. უწინ აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას მხოლოდ ჩინეთის ელჩები ესწრებოდნენ ხოლმე. ჰან ჩჟენი უკვე შეხვდა მომავალ ვიცე-პრეზიდენტს, ვენსს. რუსეთი ინაუგურაციის ცერემონიაზე არ იქნება წარმოდგენილი.
საქართველოდან "ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები ინაუგურაციაზე დასასწრებად არ მიუწვევიათ, ეს ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში 9 იანვარს დაუდასტურეს რადიო თავისუფლებას. ინაუგურაციას ესწრება მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - ის ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. სალომე ზურაბიშვილი 17 იანვარს ჩავიდა ვაშინგტონში.
მოელიან, რომ გაპრეზიდენტების პირველ დღეებში ტრამპი ხელს მოაწერს რამდენიმე ბრძანებას, რომლებიც მის წინასაარჩევნო დაპირებებთანაა კავშირში. საქმე ეხება საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, უკანონო იმიგრანტების დეპორტაციის ჩათვლით და ენერგეტიკის პოლიტიკისა და სახელმწიფოს რეგულირების წესების ცვლილებებს. ასევე ვარაუდობენ, რომ ტრამპი შეიწყალებს პირებს, რომლებსაც 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებში მონაწილეობისთვის დაედოთ მსჯავრი - მაშინ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.
ტრამპი ასევე აცხადებდა, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ მზად იქნება მოლაპარაკებისთვის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, უკრაინის ომის დასრულების საკითხზე. ტრამპი მხარეებს საომარი მოქმედებების დასრულებისკენ მოუწოდებს, თუმცა კონკრეტული სამშვიდობო გეგმა ჯერჯერობით არ წარმოუდგენია.
ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იყო და 2024 წლის 5 ნოემბერს მან უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება დემოკრატების კანდიდატზე, კამალა ჰარისზე. 78 წლის ასაკში ტრამპი იქნება ყველაზე ხანდაზმული პირი გაპრეზიდენტების მომენტისთვის (ამჟამინდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც 78 წლის იყო გაპრეზიდენტებისას, მაგრამ ის ნოემბერშია დაბადებული, ტრამპი - ივნისში). ჯეი დი ვენსი 40 წლისაა და იგი - პირიქით - ყველაზე ახალგაზრდა ვიცე-პრეზიდენტი იქნება ბოლო 70 წლის განმავლობაში.