ვახტანგ ხმალაძე: „უფლებამოსილების ცნობის გარეშე პარლამენტი ვერ დაიწყებს მუშაობას“

3 weeks ago 17

თამარ სანაძე

25 ნოემბერს „ქართული ოცნება“ პარლამენტის პირველ სხდომას გამართავს. მრავალი ხელის შემშლელი ფაქტორის, უთანხმოებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად, „ოცნება“ დაბრკოლებად არ განიხილავს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას _ არ დანიშნოს ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, როგორც ამას კონსტიტუცია მოითხოვს და არც იმას, რომ არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელით პრეზიდენტმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.

ტექნიკურად, პირველი სხდომის გასამართად „ქართულ ოცნებას“ ცესკოს შედეგებით მიღებული 89 მანდატი ჰყოფნის. თუმცა მანდატების ეს რაოდენობა ყველაფერს არ ეყოფა. სახელისუფლებო პარტიის განცხადებით, პარლამენტში მარტო მუშაობაც არ იქნება პრობლემა.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პრეზიდენტის სარჩელის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებისა და პარლამენტის 25 ნოემბერს გასამართი სხდომის შესახებ:

_ ბატონო ვახტანგ, პრეზიდენტმა, არჩევნების შედეგების გაბათილების მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არსი არ არის ის, რომ განიხილოს მოვლენა, ისევე როგორც განიხილავენ სასამართლოები და მისი კომპეტენცია არის ის, რომ რომელიმე მოქმედი ნორმა ხომ არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ ჩანაწერს. რა ხდება?

_ ვიცი, ისინი რასაც ამბობენ. ეს განცხადება ბატონმა კახი კახიშვილმა გააკეთა და ის ნორმა, რაც მან მოიყვანა, ეს არის კონსტიტუციის მე-60 მუხლი. საკითხზე საუბრისას ბატონმა კახიშვილმა მხოლოდ პირველი ნაწილი განიხილა და მეორე ნახევარი _ არა. მე გავაკეთებ ზუსტ ციტირებას იმისა, თუ რა წერია ამ მუხლში.

საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას. არა მხოლოდ ნორმის კონსტიტუციურობას იხილავს, არამედ ამ ნორმასთან დაკავშირებული არჩევნების კონსტიტუციურობის თაობაზე დაკავშირებულ დავას. ასე რომ, ან სრული უცოდინარობაა, ვინც ამის საწინააღმდეგოს ამბობს, მხოლოდ ნორმის კონსტიტუციურობას იხილავს, ან არის არაკეთილსინდისიერი განმარტება კონსტიტუციის ნორმისა.

_ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირებულია. 25 ნოემბერს „ქართული ოცნება“ პირველ სხდომას გამართავს პარლამენტში. უშლის თუ არა ხელს ყოველივეს მიმდინარე პროცესი სასამართლოში? რისი უფლება აქვს „ქართულ ოცნებას“? საიდან იწყება პროცესის არაკონსტიტუციურობა?

_ ჩემი აზრით, „ოცნებას“ უფლება აქვს, შეიკრიბოს და ის ვალდებულიც არის, სხდომა მოიწვიოს, რადგან ფორმალურად გამოცხადებული აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების შედეგები და კონსტიტუციის თანახმად, ცესკოს მიერ შედეგის გამოცხადებიდან მეათე დღეს უნდა გაიმართოს პარლამენტის პირველი სხდომა. ამიტომ თუნდაც პრეზიდენტმა არ მოიწვიოს პირველი სხდომა, „ქართული ოცნება“ ვალდებულია, დაელოდოს ამ 10-დღიანი ვადის გასვლას და, ვთქვათ, ბოლო, მეათე დღეს გამართოს პარლამენტის სხდომა.

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ სხდომა შეიძლება შედგეს, თუ მას დაესწრება არჩეულად გამოცხადებულთაგან, სულ ცოტა, 76 პირი. ამის შემდგომ სხდომამ შეიძლება შექმნას დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია. ამის მერე სხდომამ უნდა შეწყვიტოს მუშაობა მანამ, სანამ არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო.

საქმე ის არის, რომ პირველი სხდომის განრიგი დადგენილია პარლამენტის რეგლამენტით. მოგეხსენებათ, პარლამენტის რეგლამენტს აქვს კანონის ძალა. რეგლამენტში ზუსტად არის დაწერილი თანამიმდევრობა იმ გადაწყვეტილებებისა, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს პირველ სხდომაზე.

როგორც მოგახსენეთ, რეგლამენტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო როგორც კი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, პარლამენტს უფლება ექნება, გააგრძელოს პირველი სხდომა, ანუ ხელახლა შეკრიბოს, მხოლოდ და მხოლოდ, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ან დასაშვებად არ ცნო კონსტიტუციური სარჩელი, ან დასაშვებად ცნო, მაგრამ არ დააკმაყოფილა სარჩელი. არდაკმაყოფილება სარჩელისა კი ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კანონიერად ცნო არჩევნების შედეგები. აი, ამ შემთხვევაში ექნება უფლება „ქართულ ოცნებას“, გააგრძელოს პირველი სხდომა, ცნოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება, აირჩიოს პარლამენტის თავმჯდომარე, განაგრძოს სრულფასოვანი მუშაობა და ა. შ.

_ რა ხდება მაშინ, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი?

_ თუკი ეს მოხდა, თუ დააკმაყოფილა სარჩელი, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი, ეს გამოიწვევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას, მაშინ პარლამენტი ვეღარ გააგრძელებს ამ პირველ სხდომას, ცესკომ უნდა დანიშნოს ხელახალი არჩევნების ჩატარების თარიღი და ყოველივე ის, რაც იყო დღემდე, ყველაფერი გაუქმდება, აუცილებლად უნდა გაიმართოს ხელახალი არჩევნები.

მე იმასაც გეტყვით, რომ ვერც პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, რომელიც პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობიდან 45 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს.

პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება მას შემდეგ, რაც ხელახალი არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ასეთია კონსტიტუციით და კანონით განსაზღვრული პროცედურები. თუ პარლამენტი შეიკრიბა აი, ახლა და მან კენჭი უყარა პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობას, ეს იქნება უხეში დარღვევა კანონისა, კონკრეტულად პარლამენტის რეგლამენტისა, დარღვევა კონსტიტუციური წესრიგისა, ვინაიდან რეგლამენტის ეს ნაწილი არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც ხორციელდება არჩევნების შედეგების რეალიზაცია. უფლებამოსილების ცნობის გარეშე პარლამენტი ვერ დაიწყებს მუშაობას, ეს განსაზღვრულია კონსტიტუციით და ამის დარღვევა (ანუ უფლებამოსილების ცნობა) იმავე რეგლამენტით აკრძალულია იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრებულია კონკრეტული პირის არჩევნების კანონიერება. ახლა, ამ შემთხვევაში,  გასაჩივრებულია 150-ვე პირის არჩევანის კანონიერება, ეს იქნება „ქართული ოცნების“ სრული გასვლა კანონით დადგენილი ფარგლებიდან.

_ „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ პარლამენტი იმუშავებს, ხელს არ გვიშლის არაფერიო. დავუშვათ, შეიკრიბნენ 25-ში, ცნეს 150 წევრის უფლებამოსილება, მაშინ რა მოხდება?

_ კონსტიტუციის დარღვევას ისინი არასოდეს უფრთხოდნენ. მაგალითად ავიღოთ, თუნდაც, რუსულ კანონს რასაც უწოდებს ხალხი. ეს კანონი მთლიანად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებს, მაგრამ ხომ მიიღეს? საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე არ დაუწყია არსებითი განხილვა და იყენებს იმ ვადას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით აქვს მინიჭებული. კანონის კონსტიტუციურობის განსახილველად სასამართლოს აქვს 9 თვე. ახლა რა სარჩელიც არის შეტანილი საკონსტიტუციოში, ეს არის არჩევნებთან დაკავშირებით სარჩელი, ამის განსახილველად სასამართლოს აქვს მხოლოდ 1 თვე. ამ პერიოდში (ერთ თვეში) მან უნდა დაასრულოს განხილვა და გადაწყვეტილების გამოცხადება. თუკი „ქართულმა ოცნებამ“ ეს მაინც გააკეთა, ეს იქნება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა ორი სარჩელი, რომელიც არის შესული და ის ვალდებულია, რომ სარჩელები განიხილოს, თუ სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა, მაშინ ეს პარლამენტი ვალდებულია, სახლში წავიდეს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. თუკი არ დააკმაყოფილა, ჩემი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოც დაარღვევს კონსტიტუციას და ასე ვიცხოვრებთ არაკონსტიტუციური ხელისუფლების პირობებში, არაკონსტიტუციურ რეჟიმში.

რა პასუხისმგებლობა შეიძლება გამოიწვიოს ამან? _ ეს იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებისა, რასაც მოჰყვება საქართველოს იზოლაცია დემოკრატიული სამყაროსგან. გარდა ისეთი ქვეყნებისა, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, ბელარუსი, რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა სხვა არავინ მოინდომებს ამ ქვეყანასთან ურთიერთობას, რაც ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება, შეწყდება იმ პროექტების განხორციელება, რაც ამერიკისა და ევროკავშირის დახმარებით ხორციელდებოდა. სამაგიეროდ, გვექნება იმ ტიპის ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ჩამოვთვალე. ჩვენ ვიცით, როგორი ცხოვრების დონეა იქ.

თუკი ვინმემ არ იცის ამ ქვეყნებში როგორ არის ადამიანის უფლებები „დაცული“, შეუძლია „გუგლში“ გაეცნოს ინფორმაციას და ძალიან კარგად მიხვდება, რა დონის ქვეყნებთან ვიქნებით. ასე რომ, ეს იქნება შედეგი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყნის შიგნით მოქალაქეებმა უნდა დააკისრონ ხელისუფლებას.

The post ვახტანგ ხმალაძე: „უფლებამოსილების ცნობის გარეშე პარლამენტი ვერ დაიწყებს მუშაობას“ appeared first on QronikaPlus.

სრულად წაკითხვა