ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში დაბრუნდა – მას ვენესუელა 2025 წლის დეკემბრის შემდეგ ჰქონდა დატოვებული.
“აქ ვარ. თქვენთან ერთად.” – დაწერა მაჩადომ X-ზე.
ოპოზიციონერი თავდაპირველად ლარას შტატში მდებარე ეკლესიაში გამოჩნდა, სადაც შეკრებილები მას ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ. მოგვიანებით მაჩადო ქვეყნის დედაქალაქ კარაკასშიც ჩავიდა, გზად კი მის კოლონას ათასობით მხარდამჭერი უერთდებოდა ან ეგებებოდა.
მის დაბრუნებას ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, ედმუნდო გონსალესი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მაჩადოს გვერდით “ძალიან მალე” იქნებოდა.
“დღეს ვენესუელელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.” – დაწერა გონსალესმა.
მაჩადოს დაბრუნების შესახებ დასმულ კითხვაზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა და იმედოვნებდა, რომ ოპოზიციონერი უსაფრთხოდ იქნებოდა.
“ის ძალიან სასიამოვნო ქალია. მან თავისი ნობელის პრემია მაჩუქა. ამიტომ, სხვა რამ როგორ უნდა ვთქვა? იმედი მაქვს, უსაფრთხოდაა. ის ძალიან სასიამოვნო ქალია. მაგრამ ვენესუელაში საქმეები ძალიან კარგად მიგვდის.” – აღნიშნა ტრამპმა.
ხოლო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ვენესუელაში მაჩადოს უსაფრთხო დაბრუნება ქვეყანაში აშშ-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროცესების პირდაპირ შედეგად შეაფასა.
რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი მოელის, რომ ვენესუელაში ყველა პოლიტიკური ძალის თავისუფლებები დაცული იქნება და მოლაპარაკებებს ყველა პოლიტიკური აქტორი დაუჭერს მხარს.
მისი შეფასებით, ეს ქვეყანას ბოლო 30 წლის განმავლობაში საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს, მშვიდობიანი გზით მიაღწიოს როგორც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ისე მდგრად დემოკრატიას.
მაჩადო ქვეყანაში პირველად დაბრუნდა მას შემდეგ, რაც იანვარში აშშ-ს სამხედროებმა ნიკოლას მადურო დააკავეს. ვენესუელას ამჟამად მადუროს მოკავშირე, დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი მართავს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერს. ახალი არჩევნების თარიღი ჯერ არ დანიშნულა.
რუბიო მანამდე აცხადებდა, რომ არჩევნების ჩატარებამდე ვენესუელამ ეკონომიკა უნდა დაასტაბილუროს და ინსტიტუტები, მათ შორის, სასამართლოები და საარჩევნო საბჭო, აღადგინოს.
odishinews საერთაშორისო