ვინ არის ევროპარლამენტარი, ვინც დებატებზე “ოცნების” მაგივრად ევროკავშირს აკრიტიკებდა

7 months ago 8

გუშინ, 23 აპრილს, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. სიტყვით გამომსვლელთა უმრავლესობა აკრიტიკებდა საქართველოს მმართველ პარტიას, რომელიც რუსული კანონის მიღებას აპირებს დასავლეთის წინააღმდეგ.

თუმცა, იყვნენ ისეთი ევროპარლამენტარებიც, რომლებიც „ქართული ოცნების“ ნაცვლად ევროკავშირის მიდგომებს აკრიტიკებდნენ. ასეთი იყო ირლანდიელი ევროპარლამენტარი კლერ დეილი.

„ოდესმე შევწყვეტთ ჩარევას და ქართველებს მივცემთ საშუალებას, თავად აშენონ საკუთარი მომავალი?“ – განაცხადა კლერ დეილმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე.

კლერ დეილი ირლანდიული პარტიის „დამოუკიდებლები ცვლილებებისთვის“ (Independents for change) – წევრია. ამავე პარტიის წევრია კიდევ ერთი ირლანდიელი ევროპარლამენტარი მიკ ვოლასი, რომელიც  საქართველოში ცნობილი „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალური განწყობითაა. ისინი პოლიტიკურ ჯგუფთან – მემარცხენეები ევროპარლამენტში (The Left group in the European Parliament – GUE/NGL) – ერთიანდებიან. აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფი აერთიანებს: სოციალისტური, კომუნისტური და ევროსკეპტიკური ორიენტაციის მქონე პოლიტიკურ პარტიებს.

კლერ დეილი ცნობილია, როგორც პრორუსულად განწყობილი ევროპარლამენტარი. ის და მიკ ვოლასი რუსეთზე მომზადებულ კრიტიკულ რეზოლუციებს მუდმივად წინააღმდეგ აძლევდნენ ხმას.

კლერ დეილი საკუთარ თავს „გამეფებულ რუსოფობიასთან შეურიგებელ ოპონენტს“ უწოდებს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი უკრაინის უშიშროების სამსახურმა კლერ დეილი იმ საჯარო პირთა სიაში დაამატა, რომლებსაც  რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამავრცელებლად მიიჩნევს. უკრაინული მხარე მას ორი ნარატივის გავრცელებაში ადანაშაულებს: „რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უდანაშაულო ხალხს ტანჯავს“ და რომ ნატო რუსეთს უკრაინის ხელით ეომება. თავის მხრივ, კლერ დეილიმ უკრაინა ცილისმწამებლურ კამპანიაში დაადანაშაულა.

მიკ ვოლასთან ერთად, კლერ დეილი იყო უკრაინის მიმართ ევროკავშირისა და ნატოს პოლიტიკის ხმამაღალი კრიტიკოსი. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ის უკრაინის საზღვართან  რუსული ჯარის მობილიზაციას  „თავდაცვითს“ უწოდებდა  და ამბობდა, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყანას თავს არ დაესხმებოდა.

2022 წლის  მარტში კლერ დეილი იყო ერთ-ერთი იმ ევროპარლამენტარებს შორის, ვინც იმ რეზოლუციის წინააღმდეგი მისცა ხმა, რომელიც გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. მან თავისი გადაწყვეტილება იმით განმარტა, რომ არ ეთანხმებოდა რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას ითვალისწინებდა. ის ასევე ეწინააღმდეგებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

რუსეთის სამთავრობო მედიამ კლიპებიც მოამზადა და დეილის განცხადება გამოიყენა, სადაც ის უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე  ევროკავშირის პასუხს აკრიტიკებდა.

გარდა ამისა, კლერ დეილიმ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  „რუსეთის ინტერვენცია ყირიმში ამ რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობის აშკარა მხარდაჭერით სარგებლობს“.

ამასთან, კლერ დეილის სახელი უკავშირდება პრორუსი პოლიტიკოსების მხარდაჭერას. ერთ-ერთი ასეთია ლიეტუველი პოლიტიკოსი ალგირდას პალეკისი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დამნაშავედაა ცნობილი.

სრულად წაკითხვა