თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კაციას პროცესი მიმდინარეობს – ჟურნალისტის საქმეს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან, მოსამართლე ნინო თარაშვილი განიხილავს.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე ნიკა კაციას ძმამ “პირველებთან” განაცხადა, რომ გამოძიების უფლებამოსილება თავად დაცვის მხარემ იკისრა და მოწმე იპოვა, რომელიც ჟურნალისტის დაკავების უშუალო თვითმხილველია.
ლაშა კაციას ცნობით, სწორედ მოცემული მოწმის მანქანით გაიტაცეს მისი ძმა, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” პუნქტით წარუდგინეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ აღნიშნული მოწმის გამოკითხვა მოსამართლემ დასაშვებად ცნოს.
“არაფერი მოლოდინი არ მაქვს. ის, რაც გამოძიებას უნდა გაეკეთებინა, ჩემი გასაკეთებელი აღმოჩნდა. ვიპოვე რეალური მოწმე, რომელიც ზუსტად იმ ჩვენებას იმეორებს, რაც ნიკას უწერია და პროკურატურას ეს ყველაფერი აღწერილი არ აქვს. სასამართლო უბრალოდ არ აკმაყოფილებს მის დაკითხვასაც კი. მოწმე ადასტურებს, რომ მისი მანქანით მოხდა ნიკუშას გატაცება. მის მანქანაში ჩასხდნენ პოლიციელები, გადაიყვანეს სხვა ადგილზე და იმ სხვა ადგილზე კიდევ სხვა მანქანაში გადასვეს ნიკუშა.” – ამბობს ლაშა კაცია.
ნიკა კაციას დაკავების შესახებ 8 დეკემბერს გახდა ცნობილი. ადვოკატ ნინო ლომინაძის თქმით, კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. ის ქუჩაში გაჩხრიკეს. როგორც მან უთხრა ადვოკატს, პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ. 9 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე კაციამ თქვა, რომ დაკავებისას დამცინავად ექცეოდნენ.