WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გასული ღამის განმავლობაში ძლიერი აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის იმ რაიონში, სადაც მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვს კომპანია „ლუკოილს“.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით მასირებული შეტევისა და ერთ-ერთ საწარმოში ხანძრის შესახებ განაცხადა. უკრაინული და რუსული წყაროების ცნობით, ეს საწარმო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკაა".

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ ხანძრებია ქალაქ ვოლგოგრადის სამხრეთის სამრეწველო ზონაში მდებარე საწარმოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. ბოჩაროვს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.

  • „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ქალაქ ვოლგოგრადის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.

მონიტორინგის უკრაინული არხების, Supernova+-ის და Exilenova+-ის ინფორმაციით, დრონებით შეტევა სწორედ ამ ქარხანაზე იყო. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გადაღებული და სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრების მიხედვით, გვიან ღამით ქალაქის ავტოგასამართ სადგურებთან რიგები დადგა საწვავის მომარაგების მიზნით.

დრონებით შეტევის შედეგად ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძრის რამდენიმე კერა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მაც დაადასტურა თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე.

ვოლგოგრადის ავტოგასამართ სადგურებთან საწვავის მარაგის შევსების მსურველთა პირველი რიგები გაჩნდა ჯერ კიდევ შეტევის დასრულებამდე.

  • „ლუკოილის“ ვოლგოგრადის ქარხანა, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია, ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო საწვავს, მაზუთს და სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს და რუსეთის სამხრეთ რეგიონებს ამარაგებს.
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას ადრეც არაერთხელ დაარტყეს, მათ შორის 2026 წლის ოქტომბრის დასაწყისში.