„თავისუფლება დაკავებულებს“ — სტუდენტებმა თსუ-ის საგამოცდო ცენტრი დაიკავეს

5 hours ago 3

სტუდენტების ნაწილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი დაიკავა, რომელიც უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ბაზაზე მდებარეობს და ჩახერგა შესასვლელები. სტუდენტებმა წამოაყენეს რამდენიმე მოთხოვნა, მათ შორის, დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება და სტუდენტთა წინაშე არსებული მწვავე სოციალური პრობლემების მოგვარება.

ამის შესახებ ინფორმაციაც და შენობის დაკავების ამსახველი კადრები სოციალური ქსელით პირდაპირ ეთერში „მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ გაავრცელა.

„ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად, სტუდენტები მოწყდნენ საუნივერსიტეტო ცხოვრებას, ღია საგანმანათლებლო ბოიკოტის გამო. მაგრამ აკადემიური ცხოვრება სტუდენტების გარეშე გაგრძელდა. ამის მიზეზი არის სწორედ საუნივერსიტეტო პროცესის კვლავ ფუნქციონირება, რამაც ათასობით სტუდენტი დააყენა დამატებითი სემესტრისა და მაღალი გადასახადის კიდევ რამდენიმე წლით გაგრძელების წინაშე. სტუდენტებს არ აქვთ სოციალური დაცვის საშუალებები. საუნივერსიტეტო გადასახადები, სტუდენტური საცხოვრებლის არქონა და დაბალი სტიპენდია კი მათ სულს უხუთავს. სახელმწიფოში არსებული საგანმანათლებლო, ფინანსური, სატრანსპორტო, ბიუროკრატიული ცხოვრების წესებით, რომლებიც ადგენენ და განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებას, იქმნება სისტემური და ერთმანეთთან დაკავშირებული რეალობა, რომლის წყობიდან გამოყვანა არის ბერკეტი წინააღმდეგობისთვის.

დღის წესრიგში ვაყენებთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთხოვნებს:

  • გათავისუფლდნენ სტუდენტები და ყველა დაკავებული
  • აშენდეს საერთო სტუდენტური საცხოვრებელი
  • გაიზარდოს სტიპენდია საცხოვრებელ ხელფასამდე
  • გაიზარდოს დაფინანსება განათლებისთვის და გაუქმდეს მაღალი ყოველწლიური გადასახადი

მოვუწოდებთ სტუდენტებს, შემოგვიერთდნენ ბრძოლაში, რომელიც ათასობით სტუდენტს გადაარჩენს უბინაობისა და უსახსრობისგან. თავისუფლება დაკავებულებს! საცხოვრებელი სტუდენტებს!“ — ასეთია მაისის სტუდენტური მოძრაობის განცხადება, რაც საგამოცდო ცენტრის დაკავებისას გასაჯაროვდა.

თსუ-ის სტუდენტთა გამოცდები, ე.წ. „ფინალურები“ რამდენიმე დღეა დაიწყო. საგამოცდო ცენტრი ყოველდღიურად ათასობით სტუდენტს ემსახურება. მიმდინარე საგამოცდო პერიოდში საუნივერსიტეტო ცხოვრების მთავარი კერა სწორედ საგამოცდო ცენტრია და სწორედ ამიტომ წარმოადგენს სტუდენტთათვის მისი დაკავება ტაქტიკურ მიზანს.

„დაკავებულები არიან სტუდენტები, ჩვენი მოქალაქეები, სრულებით უსამართლოდ, გამოკეტილები არიან ციხეში, იხდიან სასჯელს, წლობით უპირებენ ამ ადამიანებს გამოკეტვას, ახალგაზრდობის წლების წართმევას. სრული სოლიდარობა, მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველა ამ დაკავებულს“, — ამბობს მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრი საბა ქერქაძე.

სტუდენტები ამბობენ იმასაც, რომ უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ბარიკადების დაშლის მცდელობას, თუმცა ამ დროისთვის უშედეგოდ.

სრულად წაკითხვა