თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მორიგი საპროტესტო აქცია იმართება სატელევიზიო ეთერის მოთხოვნით. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის, ასევე პროევროპული აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
"თავისუფლება მზიას", "თავისუფლება პოლიტპატიმრებს", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
აქციაზე სიტყვით გამოსვლისას "მთისამბების" რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს თინათინ ბერძენიშვილს მიმართა:
"ეთერს ვითხოვთ დღესვე და ახლა. რამდენიმე ადამიანი, ჩვენი ორი კოლეგის მონაწილეობით შეიყვანონ სტუდიაში და მისცენ ეთერი მზია ამაღლობელის უკანონოდ დატყვევების საქმეზე, რათა მოუყვნენ ხალხს ის, რასაც ისინი სრულყოფილად არ უყვებიან საზოგადოებას. ჩვენ აქ ვართ შეკრებილები მზიას კოლეგები, ჟურნალისტები. გვინდა ვთქვათ, რომ არ ვაპირებთ აქედან წასვლას ეთერის გარეშე".
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას ედავებიან. ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს.
50-ე დღეა, საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.