ხაზარაძე: ორჯერ ჰქონდა ივანიშვილს ჩვენთან კონტაქტის მცდელობა, პასუხად მიიღო, რომ გარიგება არ იქნება

8 hours ago 2

პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მათთან კონტაქტის მცდელობა ჰქონდა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ "გარიგება არ იქნება". ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ტვ პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

"2-ჯერ ჰქონდა ივანიშვილს მცდელობა ჩვენთან კონტაქტის. პასუხად მიიღო ის, რომ არანაირი გარიგება მასთან და იმ ადამიანებთან, ვინც ქვეყანას მიათრევს ჭაობში, არ იქნება. ჩვენ ვართ გზის გასაყარზე, აქეთ არის რუსეთი და წარსული, იქეთ არის მომავალი. მას ხომ ღირებულებები აღრეული აქვს და ჰგონია, რომ ყველგან დაალაგებს. იგი ამ ქვეყანას უყურებს, როგორც რაღაც კომპანიას. მას ჰგონია, რომ ყველა ადამიანს აქვს ინტერესი. ეს კაცი არის საშიში თავისი მენტალობით", - განაცხადა ხაზარაძემ.

წამყვანის კითხვაზე, როდის იყო კონტაქტი და რა ფორმით დაუკავშირდა იგი მათ, ხაზარაძე ამბობს, რომ ივანიშვილმა მას არჩევნების შემდეგ "კაცი გაუგზავნა", რადგან მისივე სიტყვებით, არ ელოდა, რომ არჩევენებს ოპოზიცია და პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოაცხადებდნენ.

"არჩევნების შემდეგ გამოგვიგზავნა კაცი, რადგან არ მოელოდა, რომ ჩვენ ამ არჩევნებს არალეგიტიმურად გამოვაცხადებდით. ეს იყო მისთვის პირველი შოკი. მას ეგონა, რომ ამ არჩევნებსაც გადააბალახებდა, ისე როგორც გადააბალახა შარლ მიშელის დოკუმენტი", - თქვა მან და დაამატა, რომ საუბარი არ ყოფილა პარლამენტში შესვლაზე, "კონკრეტიკა არ იყო", არამედ, ეს იყო "მოსინჯვა".

"ის ცდილობს და მისი მეთოდია, რომ ვინმეს რამე შესთავაზოს, იყიდოს".

რადიო თავისუფლება კომენტარისთვის პარტია "ქართული ოცნებას" დაუკავშირდა. მათი პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „კოალიციამ ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძლიერმა საქართველომ“ და „საქართველოსთვის“. ეს პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც. ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მრავალრიცხოვანი აქციები იმართება 2024 წლის 28 ოქტომბრიდან. პოლიციამ პროევროპულ აქციებზე ასობით ადამიანი დააკავა, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიება პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე 2024 წლის 30 ოქტომბერს დაიწყო. გამოკითხვაზე დაიბარეს პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

სრულად წაკითხვა