საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.
ზურაბიშვილი ცერემონიაზე ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა მიიწვია. ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, „ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე ჯო უილსონი იმ ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს შორისაა, რომლებიც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ და შესაბამისად, არ აღიარებენ 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის, მის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის და „ქართული ოცნების" ხმათა უმრავლესობით კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობას.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები და სალომე ზურაბიშვილი, რომლებიც ახალ არჩევნებს მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით საქართველოში მეორე თვეა საპროტესტო აქციები მიმდინაროებს.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში ვიზიტისას დაგეგმილია „მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები". ვისთან, პრესსამსახური არ აკონკრეტებს.
21 იანვარს სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკურ საბჭოში დაგეგმილ განხილვაში, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტს და რუსეთის მავნე გავლენის საფრთხეს ეხება.