დაკავებული ანრი კვარაცხელიას ცოლის თქმით, სტრესის გამო მუცელი მოეშალა

8 hours ago 2

5 დეკემბერს დაკავებული ანრი კვარაცხელიას ცოლი ნუცა ერემიანი პოლიციის მხრიდან ძალადობას იხსენებს.

ნუცა ერემიანი ამბობს, რომ პოლიცია მათ სახლში ძალადობრივად შეიჭრა და ფიზიკურად გაუსწორდა არა მარტო ანრი კვარაცხელიას, არამედ დაკავებულის დას და მეუღლეს.

„კარზე გვესმის ხმაური, როგორ ცდილობდნენ ბლაგვი ნივთით სახელურის გატეხას და ჩუმად შემოჭრას. პირველი მათი წინადადება იყო: თუ შეიძლება მანქანა გადააყენეთ და ერთი ჭიქა წყალი რომ მოგვაწოდოთ, ცუდად ვარ. ჩვენ მანქანა არ გვაქვს და უკვე ვიცოდით, რაშიც მდგომარეობდა საქმე. ვთხოვდით, ჩხრეკის ორდერი ან რამე დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოედგინათ, მაგრამ რატომღაც ძალადობის გზა აირჩიეს. კარებს არ ვაღებდით. ფანჯრის მხრიდან მესმის ბრახუნი, როგორ ურტყამს წიხლს და ხელებით აწვება ფანჯარას, რომ გადმოანგრიოს. კარებს ვეღარც ვიჭერდით, სახელური იმდენად გატეხილი იყო, რომ ძირს ჩამოვარდა და მხოლოდ გასაღების ბუდე იყო დარჩენილი“, — იხსენებს ნუცა ერემიანი „რადიო თავისუფლებასთან“.

მისი თქმით, სახლში დაახლოებით 15 პოლიციელი შეიჭრა. მაშინ ნუცამ არ იცოდა, რომ ორსულად იყო.

„ორი მე მაკავებდა, ორი — ანას, ჩემი მეუღლის დას. დანარჩენები ანრის იგერიებდნენ ცემით, წიხლებით მუშტებით, გინებით, ზოგი პროვოცირებას უწევდა. ერთ-ერთი, ყველაზე დიდი რომელიც იყო, ჩემს წინ დადგა და ორივე ხელით ყელში მწვდა… ანას ერთი თმებში სწვდა, ხელები მოუგრიხა, ზურგზე დაადებინა. ერთ-ერთმა წელზე მოკიდა ხელი ისე, რომ ანას სუნთქვა შეეკრა და გადააგდო კარადის მიმართულებით ძირს. ანრი კი არ გაიყვანეს, გაათრიეს სახლიდან. თმებში ხელი მოკიდეს. ეცვა მხოლოდ საცვალი და წინდები. ამ შეტაკებების და ცემა-ტყეპის მერე, 2 კვირის თავზე გამირთულდა სუნთქვითი პრობლემები, მიმდიოდა გული, ვერ ვჭამდი საჭმელს. სტრესის ბრალიც იყო, რა თქმა უნდა. ექიმთან როცა წავედი, მითხრეს, რომ 3 კვირის ვადაზე მომეშალა მუცელი. იყო სტრესის ბრალი. მჭირდებოდა ძალიან დიდხნიანი დასვენება. დღემდე ვებრძვი შფოთვით აშლილობას“, — ამბობს ნუცა ერემიანი.

25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს, გდდ-ის თანამშრომლისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით დააკავეს. საქმის მასალებში არის პოლიციელის მისამართით გინების და შუა თითის ჩვენების და მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტი. ნუცა ერემიანი ადასტურებს, რომ პირველ კადრში მისი მეუღლეა, თუმცა მოლოტოვის კოქტეილის სროლის ეპიზოდში — არა.

„არ არის ანრი, იმ მომენტში იქ ვიყავი, ვხედავდი. ჩანს მხოლოდ მარჯვენა ხელი, არც სანთებელა უჭირავს, არც [მოლოტოვის კოქტეილს] ისვრის“, — აცხადებს ნუცა ერემიანი.

სრულად წაკითხვა