„სამართლებრივად აბსურდული“ — იურისტის შეფასება მზია ამაღლობელის საქმეზე

4 hours ago 2

იურისტი ანი ნასრაშვილი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის დაკავებისა და სამართლებრივი თვალსაზრისით, წაყენებული ბრალის აბსურდულობის შესახებ წერილს აქვეყნებს, რომელსაც ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ.

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.


მზია ამაღლობელი რეჟიმის პატიმარია. ის ბათუმში პოლიციამ 11 იანვარს საპროტესტო აქციაზე დააკავა. პროკურატურამ მას ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წაუყენა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

რა მოხდა 11 იანვარს?

თვითმხილველების გადმოცემით, აქციის დაშლისას მზია ახლობლებთან ერთად იდგა, რა დროსაც პოლიციელების ჯგუფი ყვირილითა და გინებით მივარდა, აბსოლუტურად მშვიდ გარემოში მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება დაიწყო. ტელეკომპანია „იმედის“ გავრცელებულ უხმო კადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს რაღაცას უხსნის, ის ზურგს აქცევს ამაღლობელს, ამაღლობელი ქურთუკზე კიდებს ხელს დგებუაძეს, შემდეგ კი სილას გააწნის. ამის შემდეგ მზია ამაღლობელს აკავებენ. უხმო კადრები ტოვებს განცდას, რომ მზიას მოქმედებას წინ გარკვეული გარემოებები უძღვის, რამაც მოვლენების განვითარების პროვოცირება მოახდინა.

რას ედავება პროკურატურა მზია ამაღლობელს?

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელი თავს დაესხა პოლიციელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომლითაც პროკურატურამ მზია ამაღლობელის ქმედება დააკვალიფიცირა, სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს. ამ მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ამ მუხლით ქმედების კვალიფიკაციისთვის, სასამართლო პრაქტიკაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია პირის მიზანზე, თავს დაესხას პოლიციელს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს მიზანი შეიძლება სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილება, მოწმის მოშორება, შურისძიება თუ სხვა რამ იყოს (თბილისის საქალაქო სასამართლო, 31 იანვარი, 2020 წელი, საქმე #1/3811-19). გარდა ამისა, ქმედება თავდასხმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომელიც აგრესიული აქტია და პირდაპირი განზრახვით ცემას, ჯანმრთელობის დაზიანებას, არსებითად ძალადობრივ ქმედებებს მოითხოვს. ქმედების თავდასხმად შეფასებისთვის აუცილებელი ელემენტი სამართლებრივი სიკეთეებისთვის ძალადობრივი აქტიდან მომდინარე სერიოზული საფრთხეა. თავდასხმის აქტი, მეტწილად გულისხმობს გარკვეული ტიპის წინასწარ მომზადებას, ინფორმაციის შეგროვებას, დაგეგმვას, რაზეც მიუთითებს თავად მუხლის შემადგენლობაც — იგი სამართალდამცველის გარდა, თავდასხმისგან იცავს მის საცხოვრებელ შენობას, სატრანსპორტო საშუალებას თუ ოჯახის წევრებს. მართალია, ამ მუხლის შემადგენლობიდან არ გამოირიცხება სპონტანური თავდასხმის შესაძლებლობაც, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ძალადობის ხარისხი სისხლის სამართლის კოდექსით დაცული სამართლებრივი სიკეთეებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მინიმუმ სერიოზულ საფრთხეს უნდა შეიცავდეს.

ამ განმარტების სისწორეს ადასტურებს სისხლის სამართლის კოდექსში სიტყვა თავდასხმის ექსკლუზიური გამოყენება ისეთ დანაშაულებთან, როგორიცაა მაგალითად ყაჩაღობა, ბანდიტიზმი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მეკობრეობა, ტერორისტული აქტი. შესაბამისად, მზია ამაღლობელის ქმედების ხსენებული მუხლით დაკვალიფიცირება იმ ხარისხის სამართლებრივი უვიცობაა, რომ ბრალდებულის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების და შურისძიების მიზანს აჩვენებს.

სასამართლო პრაქტიკა მნიშვნელოვან ხარვეზებს აჩვენებს, პოლიციელზე თავდასხმის (სსკ-ის 3531-ე მუხლი) შემადგენლობის სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთი მუხლით (353-ე მუხლი) გათვალისწინებული ქმედებისგან გამიჯვნის კუთხით. ამ უკანასკნელით დასჯადია პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამ მუხლით ქმედების კვალიფიკაციის ამოსავალი წერტილი (ძალადობით ან ძალადობის მუქარით) წინააღმდეგობის გაწევაა, რომელიც მაგალითად, დაკავებისგან თავის დაღწევას, საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედების ხელშეშლას, შეწყვეტას შეიძლება ემსახურებოდეს (თბილისის საქალაქო სასამართლო, 31 იანვარი, 2020 წელი, საქმე #1/3811-19).

ხსენებული მუხლის მიზნებისთვის, ძალადობა გულისხმობს ცემას, ჯანმრთელობის დაზიანებას, ძალადობის მუქარა კი მოიცავს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ, ისე ასეთი საშიშროების არმქონე მუქარას. ამასთან მუქარა უნდა იყოს ისეთი, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს გაუჩნდეს მისი განხორციელების რეალური შიშის საფუძველი. სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს პოლიციის მუშაკის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს მისი პირადი უსაფრთხოება (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, 7 ნოემბერი, 2019 წელი, საქმე № 1ბ/1637-19).

ამ მუხლის შემადგენლობაში მოექცევა სამართალდამცავის კანონიერი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მიმართული საქმიანობის ხელშეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით. პოლიციელის ქმედების კანონიერების ფარგლები ერთი მხრივ და მოქალაქის მხრიდან ძალადობის ან ძალადობის მუქარის არსებობა მეორე მხრივ, სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის აუცილებელი ელემენტებია, რაც ყოველ კონკრეტულ საქმეში სასამართლოს შეფასების საგანი უნდა იყოს.

რა უნდა გავითვალისწინოთ?

ძალადობის გარეშე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება არა სისხლისსამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. სისხლის სამართლის კოდექსი ძალადობრივი ქმედების დასჯადობას სხვადასხვა მუხლით, სხვა გარემოებებთან ერთად, ფიზიკურ ტკივილს ან დაზიანების ხარისხს უკავშირებს. ძალადობის ყველაზე მსუბუქი და სისხლისსამართლებრივად დასჯადი ფორმა სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ცემა ან სხვაგვარი ძალადობაა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების გარეშე. დაზარალებულის მხრიდან ტკივილის აღქმა ამ შემთხვევაში, ამ მუხლით დასჯადობის აუცილებელი წინაპირობაა (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, საქმე № 1ბ/1616-19 20 იანვარი, 2020 წელი). ცხადია, მზია ამაღლობელის მოქნეულ ხელს სამართალდამცავისთვის არ შეეძლო იმ ტიპის ტკივილის გამოწვევა, რაც სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედების ხარისხს მიაღწევდა.

ფიზიკური ტკივილის არარსებობა სამართალდამცავისთვის ქურთუკის მოქაჩვას და სილის გაწვნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში აქცევს. ამ კოდექსით, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის მუხლი პასუხისმგებლობას პოლიციელის სიტყვიერი თუ სხვაგვარი შეურაცხყოფისთვის აწესებს. მზია ამაღლობელის ქმედება სამართლებრივად ცალსახად არასწორ კვალიფიკაციას ეფუძნება. ის საერთოდ ვერ აღწევს ქმედების საშიშროების იმ ხარისხს, რომელსაც სისხლისსამართლებრივი რეპრესიული მექანიზმის ამოქმედებისთვის სისხლის სამართალში ultima ratio პრინციპი მოითხოვს. მზია ამაღლობელის საქმე სამართლებრივად იმდენად აბსურდულია, რომ აშკარაა მის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენების მიზანი.

სრულად წაკითხვა