ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა ჰამასთან შეთანხმება დაადასტურა

5 hours ago 1

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა დღეს, 17 იანვარს გამოაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ.

ოფისის ინფორმაციით, შეთანხმების ფაქტი პრემიერ-მინისტრს მომლაპარაკებელთა ჯგუფმა აცნობა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა მოიწვია, ხოლო მოგვიანებით გაიმართება მთავრობის სხდომა, რომელზეც შეთანხმება უნდა დაამტკიცონ.

პირველი ოფიციალური განცხადებები, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეულია ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება, ჯერ კიდევ 15 იანვარს, ღამით გაავრცელეს მოლაპარაკებების შუამავალი ქვეყნების, კატარის პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის პრეზიდენტმა.

ისრაელის მთავრობას შეთანხმება 16 იანვარს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ოფისმა ჰამასი დაადანაშაულა შეთანხმების ზოგიერთი პუნქტის უარყოფის და კრიზისის შექმნის მცდელობაში.

ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა ჰამასმა ეს უარყო.

მედიასაშუალებების ცნობით, ისრაელის დელეგაციას, რომელიც შუამავლების მონაწილეობით კატარის დედაქალაქ დოჰაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ისრაელის დაზვერვის სამსახურის დირექტორი დავიდ ბარნეა ხელმძღვანელობდა.

შეთანხმება, რომელიც ისრაელის მთავრობის მიერ დამტკიცების შემდეგ, 19 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, ითვალისწინებს ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივად გათავისუფლებას.

ისრაელის მონაცემებით, ჰამასის მძევლობაში 90-ზე მეტი ადამიანი რჩება.

  • ისრაელმა ღაზის სექტორში, ჰამასის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
  • პალესტინური მხარის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზის სექტორში დაღუპულია 45 000-ზე მეტი ადამიანი. ასეულობით ათასი დევნილად იქცა. საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო სამოქალაქო მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.
  • 2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის და ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერები. ისინი ეჭვმიტანილი არიან ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში.
სრულად წაკითხვა