თამუნა მუსერიძე: საქართველოში ამ კანონის მიღების მიზანი არის იგივე, რაც რუსეთში – ადამიანების კონტროლი

7 months ago 5

ტელეწამყვანი, პლატფორმის – “ვეძებ” შემქმნელი, თამუნა მუსერიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება რუსული კანონის მიღებით ადამიანების კონტროლს ცდილობს.

მისთვის მიუღებელია უცხო ქვეყნის გავლენის გამტარის სტატუსის მინიჭება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოში საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ.

“ალბათ, ჩვენც შეგვეხება. ჯერ არ გვაფინანსებს არავინ, ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ ამ ყველაფერს. თუმცა, ყველაზე მეტი გაყიდული ბავშვი არის აშშ-ში და კანადაში. აქედან გამომდინარე, თუ მოხდა ისე, რომ მივიღეთ დაფინანსება, მაგალითად, აშშ-დან და დაგვეხმარა ეს ქვეყანა, რომ ამ ბავშვებს მოვუძებნოთ ბიოლოგიური მშობლები, ამ კანონის მიხედვით, ჩვენ ვიქნებით ამერიკის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია. ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს ოჯახების გაერთიანებაზე, ავტომატურად შეირაცხება უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარად. რატომ? რატომ უნდა მაიძულოს მე ჩემმა სახელმწიფომ, რომ დავრეგისტრირდე უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარად, როდესაც ეს ასე არ არის?”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მუსერიძემ.

გარდა ამისა, მუსერიძის მიერ შექმნილი პლატფორმისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდამჭერები არიან ემიგრანტები. “ვეძებ”ეხმარება  ბავშვობაში გაშვილებულ ადამიანებს ნათესავების პოვნაში. გენეტიკური ტესტების გასაკეთებლად საჭირო თანხას ხშირად ემიგრანტები აგროვებენ. მუსერიძე ამბობს, რომ თუ ემიგრანტებს, რომლებიც თანხებს რიცხავენ, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ, კანონი მათ პირდაპირ შეეხებათ.

იგი გამოსავალს ერთიანობაში და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე მტკიცედ დგომაში ხედავს.

“საქართველოში ამ კანონის მიღების მიზანი, რა თქმა უნდა, არის იგივე, რაც რუსეთში – კონტროლი და იმ ადამიანების უცხოური ქვეყნის ინტერესების გამტარებად გამოცხადება, ვისაც თავად გადაწყვეტენ, რომ გამოაცხადონ.

[…] მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ხალხი ასე გააგრძელებს ერთად დგომას, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ. არ უნდა დავნებდეთ და უნდა გავაგრძელოთ ისევ ისე – როგორც ვდგავართ საპროტესტო აქციებზე, ისე უნდა ვიდგეთ”, – ამბობს მუსერიძე.

თამუნა მუსერიძე BBC-მ 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში შეიყვანა. გარდა ამისა, 2024 წლის 8 მარტს, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ის ღირსების მედლით დააჯილდოვა.


2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა. 

ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით, მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 17 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ერთ კვირაზე მეტია მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებს აწყობენ. აქცია დაგეგმილია დღესაც, 21 აპრილსაც, 19:00 საათზე.

რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა