თუკი სანქციების გამო რომელიმე მოხელეს შეექმნება ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო აანაზღაურებს - კობახიძე

2 days ago 2

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო აანაზღაურებს „ფინანსურ დანაკლისს“, რაც საქართველოს მაღალჩინოსნებს შეიძლება მიადგეთ საერთაშორისო სანქცირების შედეგად.

„თუკი რომელიმე მოხელეს შეექმნება ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო აანაზღაურებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 20 დეკემბერს ბრიფინგზე მთვარობის კანცელარიაში.

მან ასევე განაცხადა, რომ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ხელისუფლება გეგმავს, „ღირსების ორდენზე წარვადგინოთ“ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და შსს-ის კიდევ 10 მაღალჩინოსანი, - მათ შორის სანქცირებული პირები.

რამდენიმე საათით ადრე გომელაური ვიცე-პრემიერად დაინიშნა ირაკლი კობახიძის ბრძანებით. ეს გადაწყვეტილება პრემიერმა გომელაურის სანქცირების შემდეგ მიიღო.

გუშინ, 19 დეკემბერს, გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას„) მოადგილეს, მირზა კეზევაძეს. ორივე მათგანი გლობალურ "მაგნიტსკის სიაში" შეიყვანეს.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესა სანქციები.

ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.

სანქცირებული არიან:

  1. ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
  2. ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;
  3. სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
  4. ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
  5. მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესება დაიწყო 2023 წელს და 2024 წელში გააქტიურდა.

სრულად წაკითხვა